დავით ზალკალიანი - ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის ლიდერი ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს არ გვაკმაყოფილებს და მეტი ამბიცია გვაქვს
დავით ზალკალიანი - ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის ლიდერი ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს არ გვაკმაყოფილებს და მეტი ამბიცია გვაქვს

ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესებმა არ უნდა შეანელოს ის სვლა და გეზი, რომელიც საქართველოს აქვს აღებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პირველი არხის კითხვაზე განაცხადა – რა კონკრეტული ღონისძიებებია 2019 წელს დაგეგმილი საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის საგარეო მიზნის მისაღწევად, რაც ევროკავშირის მომავალი წევრობაა.

დავით ზალკალიანის თქმით, მომავალი წელი არ იქნება მარტივი ევროკავშირისთვის.

„ორგანიზაცია დგას ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე. მიგრაციის პრობლემა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ევროკავშირის შიგნით მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ბრექსიტი იქნება 2018 წელს ევროკავშირისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. მაისში დაგეგმილია ევროპარლამენტის არჩევნები. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო არჩევნები იქნება. ბევრი გამოწვევაა ევროკავშირის წინაშე და ეს ჩვენთვისაც ძალიან სერიოზული განსჯის თემაა, როდესაც ორგანიზაციაში ამ საკითხებზეა საუბარი, რამდენად რჩება ადგილი საქართველოსთვის, რამდენად რჩება ადგილი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აქტიურად მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ძალიან აქტიურად ვფიქრობთ. სერიოზული განსჯა და ანალიტიკური საქმიანობა მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქვეყნის ხელისუფლებაში, გუნდში, ვინც დაკავებულია პარლამენტთან ერთად საგარეო პრიორიტეტების თვალსაზრისით უკეთესი შედეგის დადებაზე. ჩვენ ამ სიტუაციიდან ჩვენთვის ხელსაყრელი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ამ პროცესებმა არ უნდა შეანელოს ის სვლა და გეზი, რომელიც აღებული გვაქვს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 2018 გაკეთდა მაქსიმუმი ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით.

„ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის ლიდერი. ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის დონე არის განსხვავებული, ვიდრე მოლდოვისა და უკრაინის. დღეს გვაქვს ეს მოცემულობა. ჩვენ ვაცხადებთ, რომ უფრო მეტი ამბიცია გვაქვს და ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. ეს საჯაროდაც გაცხადებული გვაქვს. ბოლო მინისტერიალზე ლუქსემბურგში ჩემს გამოსვლაში დავაფიქსირე, რომ 2019 წელი არის საიუბილეო წელი და ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს მარტო შეფასება, რომ საქართველო არის ლიდერი და ჩვენ გვინდა ხელშესახები შედეგები. ეს ბევრი რამისთვის გვჭირდება. გვჭირდება იმისათვის, რომ ხალხის მხარდაჭერა, საზოგადოების მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს, გაძლიერდეს. ჩვენ ყოველწლიურად თუ არ ვაჩვენეთ საზოგადოებას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ეს მხარდაჭერა იკლებს. თუ არ გვექნება კონკრეტული შედეგი, მაშინ ეს იწვევს იმედგაცრუებას, ახალისებს დეზინფორმაციის კამპანიას, ახალისებს ჩრდილოელ მეზობელს, ოკუპანტს, რომელსაც განსხვავებული მიზნები და მისწრაფებები აქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ მათ, დაგვეხმარონ ჩვენ და ამის გათავისებას ვთხოვთ მათ. მე მაქვს განცდა, რომ მათ ეს ძალიან კარგად ესმით. ამას სჭირდება შედეგები და მატერიალიზაცია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.