დავით ზალკალიანი - წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი ბარიერის და მავთულხლართების, რომელიც ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ხელს უშლის
დავით ზალკალიანი - წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი ბარიერის და მავთულხლართების, რომელიც ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ხელს უშლის

ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი სახის ბარიერის და მავთულხლართების, რომელიც ხელს უშლის ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელიც ე.წ. საზღვრის სადემარკაციო კომისიის შექმნის შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ჩვენ მომხრე ვართ ამ ბარიერების ნგრევის, სამშვიდობო პოლიტიკის და იმ სიკეთეების გაზიარების ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს არიან. სიკეთეების, რომელიც მოაქვს საქართვლოს ევროპაში ინტეგრაციას, რომელიც მოაქვს თავისუფალ გადაადგილებას, თავისუფალ სავიზო მიმოსვლას, ევროპასთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების შეთავაზება და არა მავთულხლართები და ბარიერები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ე.წ. კომისია ჩამოყალიბდა. ამასთან, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსლან თედეევმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. მისი თქმით, მოსახლეობამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სოფელი წნელისი „სამხრეთ ოსეთის საზღვრებში არ მოხვდა“.