დავით ზალკალიანი - ვულოცავ ზაზა გახელაძეს, ოჯახს და სრულიად საქართველოს მის უკანონო ტყვეობიდან დახსნას, საკითხის დიალოგის საშუალებით გადაწყვეტა შესაძლებელი გახდა სწორედ მოლაპარაკების ფორმატების ეფექტიანად გამოყენებით
დავით ზალკალიანი - ვულოცავ ზაზა გახელაძეს, ოჯახს და სრულიად საქართველოს მის უკანონო ტყვეობიდან დახსნას, საკითხის დიალოგის საშუალებით გადაწყვეტა შესაძლებელი გახდა სწორედ მოლაპარაკების ფორმატების ეფექტიანად გამოყენებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მიესალმება. მისი თქმით, მოხარულია, რომ გაჭიანურების მიუხედავად, მთავრობის უწყვეტი ძალისხმევისა და ინტენსიური მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა საკითხის ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყვეტა.

დავით ზალკალიანის განმარტებით, საკითხის მშვიდობიანი გზით, დიალოგის საშუალებით გადაწყვეტა შესაძლებელი გახდა სწორედ მოლაპარაკების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების შედეგად.

„მივესალმებით ხანგრძლივი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის გათავისუფლების ფაქტს. მინდა, მივულოცო ზაზას, მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს მისი უკანონო ტყვეობიდან დახსნა. მოხარული ვართ, რომ გაჭიანურების მიუხედავად, ჩვენი უწყვეტი ძალისხმევისა და ინტენსიური მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა საკითხის ჰუმანიტარულ ჭრილში განხილვა და გადაწყვეტა.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესი და მოლაპარაკებების ფორმატი, როგორიც არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმები. საკითხის მშვიდობიანი გზით, დიალოგის საშუალებით გადაწყვეტა შესაძლებელი გახდა სწორედ აღნიშნული ფორმატების ეფექტიანად გამოყენების შედეგად. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა სტრუქტურა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით აქტიურად მუშაობდა ამ მიმართულებით, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარეკების რაუნდზე, ისე ერგნეთის ინციდენტების და პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ორმხრივ ფორმატებში პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ფაგრლებში. საბოლოოდ ხელისუფლების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ჩვენ არ დაგვიშურებია ძალისხმევა, ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა ანალოგიურად, ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყდეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა.