დავით ზალკალიანი ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს
დავით ზალკალიანი ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2019 წლის 5-6 მაისს, ბრატისლავაში გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დაგეგმილია დავით ზალკალიანი სიტყვით გამოსვლა.

მინისტერიალში ვიშეგრადის ოთხეულის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მისი დასრულების შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ დელეგაციის ხელმძღვანელები, მათ შორის, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩიკი, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტეოდორ-ვიორელ მალესკანუ და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოს დელეგაცია ასევე დაესწრება ქართული ღვინის დეგუსტაციისადმი მიძღვნილ მიღებას, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის სიტყვით გამოვა.

ვიშეგრადის ოთხეულის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე წელიწადში ერთხელ იმართება, ვიშეგრადის ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნის ორგანიზებით. აღნიშნული შეხვედრები ტარდება „ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში (V4+EaP), რომელიც 2011 წელს იქნა ინიცირებული ვიშეგრადის ჯგუფის მთავრობების მიერ  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად. ​