დავით ზალკალიანი – ვიმედოვნებთ, ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი
საქართველო აღიარებს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, ერთადერთი, ლეგიტიმური ორგანოს, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავოსში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველო შეუერთდა პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ასამბლეის ხელმძღვანელი აღიარეს.
„გამოვთქვამთ იმედს, რომ ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, ისეთს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სახელმწიფოების მხარდაჭერა. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ პროცესი წარიმართება კონსტიტუციურ ფორმებში და ვენესუელის ხალხს მიეცემა შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია გამოხატოს ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მიმართ, რომელიც გახლავთ ეროვნული ასამბლეა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.