დავით ზალკალიანი - ვიხილეთ ევროპელი და ნატოელი პარტნიორების მკაფიო განცხადებები, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ თქვა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება
დავით ზალკალიანი - ვიხილეთ ევროპელი და ნატოელი პარტნიორების მკაფიო განცხადებები, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ თქვა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება

ვიხილეთ ძალიან მკაფიო განცხადებები ევროპელი და ნატოელი პარტნიორების, ასევე, აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან. სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად, „რუსეთი აუცილებლად მიიჩნევს, გაუქმდეს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება“.

ზალკალიანის თქმით, ნატოელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან რუსეთის განცხადებას შესაბამისი რეაქციაც მოჰყვა.

„ჩვენ ეს განცხადებები გვესმის, ახალი არ არის და ხშირად მოგვისმენია. ეს განცხადებები განსაკუთრებით გამწვავდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, თუმცა ამავე დროს ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიო განცხადებები ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან. თქვენ გუშინ იხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელმაც ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება.

იმ შეთანხმებების, რომელიც არის დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტურ პრინციპებზე, გადახედვა თუ მოხდა, მთლიანად ჩამოინგრევა საერთო ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემა. ეს არის, რასაც ცდილობს რუსეთი და ამას უნდა დაუპირისპირდეს ჩვენი ნატოელი და ევროპელი პარტნიორების ერთიანი პოზიცია, რასაც აკეთებენ, და მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ რეაქციით, რა რეაქციაც მოჰყვა განცხადებებს ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან.

ჩვენ ასევე მოვისმინეთ სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება რუსეთის განცხადებასთან დაკავშირებით გაფართოების კუთხით. ასევე, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ნატო არის უნიკალური ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია პრინციპებზე და წესდებებზე. მისი წესდების მეათე პუნქტში პირდაპირ წერია, რომ ქვეყანა, რომელიც ასრულებს ნატო-ს კრიტერიუმებს და აქვს სურვილი ნატო-ში ინტეგრაციის, ის ნატო-ს შეუერდება მაშინ, როდესაც ეს კრიტერიუმები, ყველაფერი იქნება დაკმაყოფილებული და როდესაც ნატო-ს შიგნით იქნება კონსენსუსი.

მიუხედავად იმისა, ჩვენ რა განცხადებებიც უნდა გვესმოდეს, ის თანმიმდევრული და მწყობრი ნაბიჯები, რომელიც გვაქვს, ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არ არის, ეს ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია. ის, რაც კონსტიტუციაშია შეტანილი. მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის შიგნით ჯერ პოლიტიკური კონსენსუსი არ შემდგარა, ამან ჩვენ არ უნდა მოგვადუნოს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის განმარტებით, ყველა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს მწყობრი ნაბიჯები და რეფორმები, რათა ქვეყანა მზად იყოს იმ მომენტისთვის, როცა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ალიანსში პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„უნდა გავაგრძელოთ მწყობრი ნაბიჯები და რეფორმები ყველა მიმართულებით, თავდაცვის, უსაფრთხოების კუთხით და ქვეყნის აღშენებლობის თვალსაზრისით, რათა ვიყოთ მზად, როდესაც პოლიტიკური მომენტი დადგება. ისტორიაში ძალიან ბევრია ამისი მაგალითი, თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ავიღოთ. ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატო-ში შესვლას რუსეთის ფედერაციის მხრიდან ასეთივე მწვავე რიტორიკა უძღოდა წინ, მაგრამ გეოპოლიტიკური სიტუაცია სწრაფად ისე შეიცვალა, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც პოლიტიკური კონსენსუსი მომწიფდა, ბალტიისპირეთის წევრი ქვეყნები ამისთვის მზად იყვნენ. ჩვენთვის ეს არის კარგი მაგალითი. ჩვენს თაობას უნდა, რომ დღესვე ვიყოთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენზე დამოკიდებულია, შევასრულოთ ის კრიტერიუმები და მზად ვიყოთ პოლიტიკური მომენტისთვის. როდესაც ჩვენი პარტნიორები ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენც მზად ვიყოთ“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაცია „აუცილებლად მიიჩნევს, გაუქმდეს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება“.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 დეკემბერს გაკეთებული განცხადების საპასუხო განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „მიუღებელია მესამე მხარის, რუსეთის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაზე ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.