დავით ზალკალიანი ვენესუელის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელს შეხვდა
დავით ზალკალიანი ვენესუელის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვენესუელის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს ელიოტ აბრამსს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა ვენესუელასთან დაკავშირებით ქართული მხარის ქმედებებს, რომელიც ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო საერთაშორისო თანამეგობრობაში, რომელმაც ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა.

საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ვენესუელელი ხალხისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო იზიარებს და ქართული მხარის პოზიცია ვენესუელასთან დაკავშირებით მომავალშიც თანხვედრაში იქნება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-სა და დანარჩენი მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების პოზიციასა და ქმედებებთან.

მისი თქმით, ქართული მხარე ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა ახლო მომავალში დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება, საქართველოსა და ვენესუელას შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპზე.

„მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ვენესუელის პროგრესულ ძალებთან და გარდამავალი პრეზიდენტის წარმომადგენლებთან ქართული მხარის ინტენსიური კომუნიკაცია“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.