დავით ზალკალიანი - ველოდებით, რომ უნგრეთი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ახლაც მხარს დაუჭერს
დავით ზალკალიანი - ველოდებით, რომ უნგრეთი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ახლაც მხარს დაუჭერს

უნგრეთი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის ძალიან მყარი მხარდამჭერია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, უნგრეთის პრემიერი ნატო-ს სამიტზე ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრისას მიღებული ყველა გადაწყვეტილების დაბლოკვას აპირებს.

მისი თქმით, უნგრეთის მხარდაჭერა არაერთხელ გამოიხატა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ნატო-სა და ევროკავშირის კონტექსტში.

„ჩვენ ახლაც გვაქვს მოლოდინი, რომ უნგრეთი დაუჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, ჩემი ინფორმაციით, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ უნგრეთის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს. ძალიან აქტიურ დიალოგში ვიმყოფებით უნგრეთთან და ნატო-ელ პარტნიორებთან, რომ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებული მოლოდინი პრაქტიკულ განზომილებაში ითარგმნოს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ქართული მხარე სამიტზე ელოდება საქართველოსთან დაკავშირებით სერიოზულ მხარდაჭერას იმ სამი მიმართულებით, რომლებზეც პარტნიორებთან აქვს მოლაპარაკებები.

უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრის ფარგლებში მიღებული ყველა გადაწყვეტილების დაბლოკვას აპირებს.