დავით ზალკალიანი ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების საკითხებში მინისტერიალის მონაწილეებს მიმართავს
დავით ზალკალიანი ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების საკითხებში მინისტერიალის მონაწილეებს მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს, როგორც   სხვადასხვა კულტურათა და რელიგიის ისტორიულ დამაკავშირებელზე და შემწყნარებლობის ტრადიციაზე.

„დავით ზალკალიანი საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, რელიგიური ხასიათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტებზე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერთან, რა დროსაც განხილული იქნება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.