დავით ზალკალიანი ვაშინგტონში აშშ-ის ანალიტიკური და კვლევითი ცენტრის ექსპერტებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ანალიტიკური და კვლევითი ცენტრის ექსპერტებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართა.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკული ანალიტიკური და კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაზე, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში სრულფასოვანი ინტეგრაცია, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრეს, რაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განიცადა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-ს ბრიუსელის სამიტს და მის შედეგებს, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში ნატო-საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის პრაქტიკულ მიმართულებებს. ექსპერტებმა ალიანსში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს შემდგომ ნაბიჯებზე მოსაზრებები გამოთქვეს. ამასთან, კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში.
დავით ზალკალიანმა ექსპერტებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე და მისი იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას, ისევე, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აშშ-სა და სხვა ევროპელი პარტნიორების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს სტუმრობს, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც მსოფლიოს ორმოცზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება.