დავით ზალკალიანი - ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მინდა, დავარწმუნო, რომ მაქსიმალურად ამოქმედებულია ყველა შესაძლო ფორმატი
მინდა, ბატონი ვაჟას ოჯახს კიდევ ერთხელ მივმართო და დავარწმუნო, რომ მაქსიმალურად არის ამოქმედებული ყველა შესაძლო ფორმატი და საკომუნიკაციო არხი უმაღლეს დონეზე, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გათავისუფლება. არ დარჩენილა არც ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი ევროკავშირისა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის გაერო-ს მიმართულებით, ვისთანაც არ მქონია კომუნიკაცია ამ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გერმანიაში განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წერილობით მიმართვას გამოეხმაურა. მინისტრის კომენტარს საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, იგი ყველა უმაღლესი დონის შეხვედრაზე, მათ შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საუბრობს ამ თემაზე და მინისტრის ყველა ვიზიტი, რომელიც მომდევნო ორი კვირის განმავლოაბში არის დაგეგმილი, აუცილებლად იქნება გამოყენებული ამ საკითხის გადასაჭრელად.
„ეს წუთია, დავასრულე შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან და მასთანაც მქონდა ამ საკითხზე საუბარი. ხვალ მექნება შეხვედრა ჩემ კოლეგასთან, ჰაიკო მაასთან და მასთანაც ვისაუბრებ ამაზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ კომუნიკაციის შესახებ, რაც მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა კოლეგებთან. აღსანიშნავია, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა საუბარი და დღემდე აქვს კომუნიკაცია ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან, ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან, რომელიც ასევე პირადად, ყოველდღიურ რეჟიმში არის ინფორმირებული პროცესების განვითარების შესახებ და აგრეთვე გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როზმარი დიკარლოსთან, რომელიც პირველივე დღიდან არის უშუალოდ ინფორმირებული და პროცესში ჩართული.
დავით ზალკალიანის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები.
„ჩვენმა მისიებმა მაქსიმალურად წამოსწიეს ეს საკითხი ყველა არსებულ ფორმატში. გაერო-ში ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენელმა ამ საკითხზე ისაუბრა გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებზე. ჩვენმა დელეგაციამ ძალიან მწვავედ დააყენა ეს საკითხი ეუთო-ს მუდმივ საბჭოში, რასაც გამოეხმაურა ეუთო-ს გენერალური მდივანი, რომელიც პირადად არის ინფორმირებული. ამ კვირაში ჩავდივარ სტრასბურგში, სადაც გადმოვიბარებ თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოში და იქაც, ევროპის საბჭოში, ამ საკითხის შესახებ კიდევ უფრო აქტიურად ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის გენერალური მდივნის დონეზე და ინფორმაციასაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს წითელ ჯვართანაც. ჩვენი ელჩი ჟენევაში მუდმივად, რეგულარულად ხვდება წითელი ჯვრის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, აუცილებელია, ეს საკითხი, რომელიც პოლიტიკური შემადგენლის გარდა, მძიმე ჰუმანიტარული კონტექსტის მატარებელია, სათანადოდ იყოს აღქმული და შეფასებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მისივე განცხადებით, მისი დავალებით ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან შეხვედრა გამართა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, რადგან აუცილებელია, ოჯახმა ძალიან კარგად იცოდეს, რომ სახელმწიფო მიმართავს ყველა ძალისხმევას მათი ოჯახის წევრის გათავისუფლებისთვის.