დავით ზალკალიანი - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გამართლებული იყო
დავით ზალკალიანი - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გამართლებული იყო

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობისგან გათავისუფლებას ულოცავს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამ შედეგისთვის საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებულ მადლობას უხდის.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ის ახალ წელს საკუთარ ოჯახთან ერთად შეხვდება, მშობლიურ გარემოში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენთან ერთად გაწეული ძალისხმევისთვის, რომელმაც შედეგი გამოიღო და დღეს ვაჟა გაფრინდაშვილი არის საკუთარ ოჯახში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე მწვავედ სვამდა აღნიშნულ საკითხს.

„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ხელისუფლება პირველივე დღიდან, როდესაც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება მოხდა, იყო ძალიან აქტიურად ჩართული. არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ტრიბუნა, უმაღლესი დონის შეხვედრა, ჩემს კოლეგებთან ურთიერთობის ფორმატი, სადაც ჩვენ განსაკუთრებული სიმწვავით არ გვქონდა წამოწეული ბატონი ვაჟას უკანონო ტყვეობის საკითხი. იყო გამოყენებული სხვადასხვა ფორმატები – ეუთო-ს მინისტერიალი, უშიშროების საბჭოს ფორმატი, ასევე მუდმივი კომუნიკაცია იყო სხვადასხვა არხით ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. მას შემდეგ, რაც იგი უკანონო ტყვეობაში იყო, ჩვენ ყველა მცდელობა და ღონისძიება განვახორციელეთ, რომ ეს მომენტი რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყო. მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის მიმართ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი უსაფრთხოდ და ჯანმრთელი დაბრუნებულიყო, იყო გამართლებული. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები იყოს თავიდან აცილებული”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ერთად, ყველა ფორმატში, მათ შორის ჟენევის ფორმატში, გადაიდგმება აქტიური ნაბიჯები, რათა ამ ფორმატის ფარგლებში გამოყენებული იყოს ყველა შესაძლებლობა თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისთვის.

„ადამიანებს 21-ე საუკუნეში უნდა ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების უფლება. ჩვენ ამ საკითხზე მუდმივად ვსაუბრობთ ჟენევის ფორმატში და გავაგრძელებთ უახლოეს რაუნდზე ახალი წინადადებებით, ასევე ძველი წინადადებებით, რომელიც უკვე იყო განხილვის საგანი. ბუნებრივია, ამას ჩვენ კიდევ ახალ მოდალობებთან ერთად განვიხილავთ, რათა მსგავსი უკანონო ქმედება იყოს მომავალში აღკვეთილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.