დავით ზალკალიანი უზბეკეთის ოლი მეჯლისის სენატის ვიცე-სპიკერს შეხვდა
დავით ზალკალიანი უზბეკეთის ოლი მეჯლისის სენატის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უზბეკეთის ოლი მეჯლისის სენატის ვიცე-სპიკერს სადიკ საფოევს შეხვდა. შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და უზბეკეთის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს და გამოითქვა მზაობა, მათ შორის საპარლამენტო დონეზე ხელი შეუწყონ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უზბეკეთი დაინტერესებულია გაიზიაროს საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილება მრავალი მიმართულებით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების და ტურიზმის სფეროში გატარებული რეფორმების მიმართულებით.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისა და უზბეკეთის ჩართულობის შესაძლებლობა საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში. აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გაზრდის დიდი პოტენციალი და მხარეების მზაობა ინტესიურად იმუშაონ აღნიშნული მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულ ისტორიულ კულტურულ კავშირებს, ამ მხრივ მაღალი შეფასება მიეცა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის მხრიდან დოკუმენტური ფილმის მომზადებას.

ამასთან, საუბარი შეეხო საქარველო-უზბეკეთს შორის საპარლამენტო ურთიერთობებს, მათ შორის უზბეკეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოს პარლამენტის წევრები მიიწვიოს უზბეკეთში დაგეგმილ საპარალმენტო არჩევნებზე დამკვირვებლების ფორმატში.

აღსანიშნავია, რომ ოლი მეჯლისის სენატის ვიცე-სპიკერთან შეხვედრას ასევე ესწრებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, უზბეკეთთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე და ირაკლი მეზურნიშვილი, საქართველოს ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს უზბეკეთის აღმსარულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე სიტყვით გამოვა ქ.ტაშკენტში საქართველო-უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. ​