დავით ზალკალიანი უზბეკ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი უზბეკ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულაზიზ კამილოვს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ დამოუკიდებლობის შემდგომ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში ეს გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი უზბეკეთში, რაც სრულიად ახალ დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სფეროები. უზბეკეთი, ისევე როგორც საქართველო დაინტერესებულია განავითაროს ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა უზბეკეთი დაინტერესებულია გამოიყენოს საქართველოს სატრანზიტო-სატრანსპორტო პოტენციალი და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რეჟიმით არსებული შესაძლებლობები. მაღალი შეფასება მიეცა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა ტაშკენტი-თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნით. მინისტრები შეთანხმდნენ შემუშავდეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საგზაო რუკა.

„უზბეკეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალური აზიის რეგიონში. ამ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ამ პოტენციალის ორმხრივად ხელსაყრელი პროექტების გამოყენებისთვის ჩემს ვიზიტს გამოვიყენებთ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მიმართ, ამ ქვეყანას დიდი ინტერესი აქვს, რადგანაც უზბეკეთში დიდი რაოდენობით პროდუქციაა, რომელიც შეიძლება საქართველოს გავლით იყოს გატანილი ევროპულ ბაზარზე, სწორედ ამ თვალსაზრისით, საქართველოს პორტების დანიშნულება და სატრანსპორტო-დამაკავშირებელი ხაზის გამოყენება უზბეკეთისთვის იქნება პრიორიტეტული“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეხვედრაზე, საუბარი ასევე წარიმართა მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე. მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე, მათ შორის ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

ვიზიტის ფარგლებში ტაშკენტში მასშტაბური საზეიმო ღონისძიებით აღინიშნება საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები უზბეკეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სიმონ ნოზაძე, ირაკლი მეზურნიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი.