დავით ზალკალიანი - უსაფუძვლოა ოპოზიციის რიტორიკა, თითქოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები შეშფოთებული არიან, ამას ადასტურებს აშშ-ის ყველა მხარდამჭერი აქტი
დავით ზალკალიანი - უსაფუძვლოა ოპოზიციის რიტორიკა, თითქოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები შეშფოთებული არიან, ამას ადასტურებს აშშ-ის ყველა მხარდამჭერი აქტი

უსაფუძვლოა ოპოზიციის რიტორიკა, თითქოს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები შეშფოთებული არიან და მათი რიტორიკა გამკაცრდება, ამას ადასტურებს აშშ-ის ყველა მხარდამჭერი აქტი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კონგრესმენების, ადამ კინზინგერისა და გერი კონოლის მიერ წარდგენილ საქართველოს მხარდამჭერი აქტის კომენტირებისას განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობა აშშ-ის როგორც ძველი, ისე ახალი ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია.

„ოპოზიცია რომ საუბრობდა, ისეთი ცუდი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას, ისე გაუარესდა დემოკრატია, რომ სტრატეგიული პარტნიორები შეშფოთებულები არიან და მათი ტონი გამკაცრდებაო, ჩვენ ვსაუბრობთ შედეგებით, კონკრეტული ქმედებებით. ის რიტორიკა, რომელიც მოდის ოპონენტების მხრიდან, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ამას ადასტურებს არა მხოლოდ ახლახან ინიცირებული საკანონმდებლო აქტი, არამედ, ყველა წინამდებარე საკანონმდებლო აქტი და რეზოლუცია, მათ შორის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, ბიუჯეტის აქტი, სადაც კვლავინდებურად მხარდაჭერილია საქართველოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის დემოკრატიული კუთხით, არჩევნებთან მიმართებაში, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით მხარდაჭერის გაზრდა. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა როგორც ძველი, ისე ახალი ადმინისტრაციისთვის, არის პრიორიტეტული და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ხასიათდება პოზიტიური მიმართულებებით. ჩვენ უკვე გადადგმული გვაქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ახალ ადმინისტრაციასთან სწრაფი კომუნიკაციის თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული ქმედებები, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან იქნება პასუხი იმ უსაფუძვლო კრიტიკაზე, რომელიც მოდის ოპონენტების მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი.