დავით ზალკალიანი - უპირველესი ორიენტირი უნდა იყოს მთავრობის მიერ გაცხადებული მიზანი, ევროკავშირში წევრობის განაცხადის მომზადება 2024 წლისათვის
დავით ზალკალიანი - უპირველესი ორიენტირი უნდა იყოს მთავრობის მიერ გაცხადებული მიზანი, ევროკავშირში წევრობის განაცხადის მომზადება 2024 წლისათვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

„გლობალური პანდემიის, ევროპარლამენტის და ევროკომისიის ახალი შემადგენლობის გათვალისწინებით, ქართული მხარის აქტიური მუშაობით ჩვენ შევძელით მჭიდრო და კონტაქტების დამყარება ევროკავშირის პარტნიორებთან,“- აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველომ წარმატებით შეასრულა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და დაიწყო მუშაობა 2021-2027 წლის ასოცირების დღის წესრიგზე.

„უპირველესი ორიენტირი უნდა იყოს მთავრობის მიერ გაცხადებული მიზანი, ევროკავშირში წევრობის განაცხადის მომზადება 2024 წლისათვის.  ამიერიდან ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს ყველა ძალისხმევა ამ ამოცანის შესრულებისკენ იქნება მიმართული. ამ მიზნის მიღწევას სერიოზული ძალისხმევა სჭირდება, აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ინსტრუმენტი და ასევე მნიშვნელოვანი ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაციის გაგრძელება,“ – განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი ჩანაწერები გაკეთდა ნატო-ს 2030 წლის ხედვის დოკუმენტში, სადაც გამოხატულია მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის მიმართ და საუბარია საქართველოსთან გაძლიერებულ თანამშრომლობაზე.

„საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და პრაქტიკული მექანიზმის  მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას, რათა გაიზარდოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ნატოში წევრობა კიდევ უფრო მოახლოვდეს,“ – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი