დავით ზალკალიანი - უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობიდან ურთიერთობის თვისობრივად ახალ, ინსტიტუციურ ფორმებზე გადავდივართ
დავით ზალკალიანი - უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობიდან ურთიერთობის თვისობრივად ახალ, ინსტიტუციურ ფორმებზე გადავდივართ

უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობიდან ურთიერთობის თვისობრივად ახალ, ინსტიტუციურ ფორმებზე გადავდივართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.

„ჩვენ მანამდეც გვქონდა ვიზიტი, თუმცა ოფიციალური ხასიათი მას არ ჰქონია. მას რომ მიენიჭა ოფიციალური ვიზიტის სტატუსი, არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხრიდან ხაზგასმა, თუ რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი საქართველოსთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას. ჩვენ მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად გავაფორმებთ თანამშრომლობას სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული შეთანხმების გაფორმება იქნება დასტური, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის თვისობრივად ახალ დონეზე გადადის და ხდება ამ სტრატეგიული ურთიერთობის ინსტიტუციონალიზება.

„ეს არის მსგავსი ფორმატი, როგორიც გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. ისეთი, როგორიც, ახლახანს გახლდით პარიზში და ამილახვარის დიალოგის სახელით იცნობს საზოგადოება, ვოლდროპის დიალოგი, რომელიც გვაქვს გაერთიანებულ სამეფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის საბჭო, რომელიც გვაქვს თურქეთთან, თბილისის ფორუმი, რომელიც გვაქვს პოლონეთთან. ეს არის დასტური, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობიდან ურთიერთობის ინსტიტუციურ ფორმებზე გადავდივართ. ამ მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერება ხელი და ჩვენ არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ვადასტურებთ უკრაინის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში. დღევანდელი დღე იქნება ამის მკაფიო დასტური“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება. შეხვედრა ორმხრივ ფორმატში გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარიას უკრაინელი კოლეგა ოლექსი გონჩარუკი და უმაღლესი რადას თავმჯდომარე, დმიტრი რაზმუკოვი უმასპინძლებენ. დღესვე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას – „პარტნიორული თანამშრომლობისა და პარტნიორული თანამშრომლობის უმაღლესი ორგანოს დებულებისა და რეგლამენტის შესახებ“, რომელიც უკრაინასთან სტრატეგიულ თანამშრომლობას ინსტიტუციურ დონეზე განსაზღვრავს.