დავით ზალკალიანი - უკრაინასთან გაფორმებული შეთანხმება მომავალში მნიშვნელოვან შედეგებს მოგვიტანს
დავით ზალკალიანი - უკრაინასთან გაფორმებული შეთანხმება მომავალში მნიშვნელოვან შედეგებს მოგვიტანს

ვბრუნდებით ხელშესახები შედეგებით. ერთ-ერთი შედეგი გახლავთ შეთანხმება, რომელიც გაფორმდა საქართველოს პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, რაც გულისხმობს უმაღლესი სტრატეგიული საბჭოს ფორმატის დაფუძნებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინაში ვიზიტი შეფასებისას განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გულისხმობს საქართველო-უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობის თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლას.

„ვფიქრობ, უკრაინასთან გაფორმებული ეს შეთანხმება, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ოთხი ძირითადი მიმართულებით გაღრმავებას გულისხმობს, მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს მომავალში. ჩვენ გვექნება მთელი წლის განმავლობაში ყურადღება გამახვილებული თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე პოლიტიკისა და საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის კუთხით, ასევე იქნება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და რა თქმა უნდა, კულტურა და ხალხთაშორის ურთიერთობა. ეს არის ის ძირითადი ოთხი მიმართულება, რაზეც არის დაფუძნებული ეს შეთანხმება. იყო ასევე ძალიან შინაარსიანი საუბარი რეგიონში მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით, იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ და უკრაინას ერთი გვაქვს; ეს არის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და ასევე ის ერთობლივი საქმიანობა, რომელიც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს როგორც ორმხივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში; მხედველობაში მაქვს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვთანამშრომლობთ იმავე გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს ფორმატებში, სადაც მხარს ვუჭერთ ინიცირებულ რეზოლუციებსა და ჩვენ თანასპონსორები ვართ ერთმანეთის მხარდამჭერი რეზოლუციებისა.

ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრები ახალ იმპულსს მისცემს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, იყო ძალიან შინაარსიანი საუბარი შავი ზღვის რეგიონში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ასევე სუამი-ს ფორმატში.

უკრაინა ჩვენთვის შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. აქედან გამომდინარე, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და გამართვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა ზალკალიანმა.