დავით ზალკალიანი - უკრაინაში ძალიან დაბნეული იყვნენ, იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან, ასე ვთქვათ, გამოპარვა მათთვისაც მოულოდნელი იყო
დავით ზალკალიანი - უკრაინაში ძალიან დაბნეული იყვნენ, იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან, ასე ვთქვათ, გამოპარვა მათთვისაც მოულოდნელი იყო

უკრაინაში თვითონაც ძალიან დაბნეული იყვნენ, იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან, ასე ვთქვათ, გამოპარვა მათთვისაც მოულოდნელი იყო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ეს გამოჩნდა კიდეც პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაში. საჯარო განცხადებაში მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის უკრაინიდან გაუჩინარება მისთვისაც მოულოდნელი იყო. დღეს უკვე დადასტურდა, რომ საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით მას დარღვეული აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის კანონმდებლობაც. უკრაინის ტერიტორიიდან ისეა გამოსული, რომ ოფიციალურად, საზღვრის კვეთის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, უკრაინის მხარეს ჰქონდა კითხვები, რა მუხლებით არის დაკავებული სააკაშვილი, რაზეც ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.

„ექსტრადირებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, არც 2 ოქტომბერს და არც მის შემდეგ. რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, საკუთარი მოქალაქე დაიცვას, ვინც არ უნდა იყოს ის და დაიცვას ფორმალური მხარე, რაც უკრაინის მოქალაქის დაკავებასთან არის დაკავშირებული. მათი განცხადებები ამ გარემოებიდან გამომდინარეობდა. მათ გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ. იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ამავე დროს, მას გარკვეული პოზიცია აქვს უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურაში და ბუნებრივია, მათი პირველი რეაქცია იყო ის, რაც ვიხილეთ. ამაში გასაკვირი არაფერია. მას შემდეგ, რაც მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია, ვფიქრობ, ყველანაირი კითხვა მოიხსნება და საქმე სამართლებრივ ჭრილში გადავა “, – განაცხადა ზალკალიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გზავნილებით მოდის კიევიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ კახა კუჭავა კიევში გამართულ ღონისძიებაზე დიდი ხნით ადრე იყო დაპატიჟებული და მას გუშინ ჰქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტ ზელენსკისთან, მაგრამ იმ კონტექსტში და ვითარებაში სააკაშვილის თემაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

„დღეს, მას პრემიერთან ჰქონდა შეხვედრა. საუბარი იყო ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე, რომელიც საკმაოდ პოზიტიური და მზარდია და სწორედ ამ თემებზე იყო საუბარი. იქ ითქვა, რომ ჩვენი ურთიერთობები არავითარ შემთხვევაში არ დაზარალდება ამ კონკრეტული შემთხვევით და არც შეიძლება, ეს ასე იყოს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა ის პრემიერ-მინისტრის ვერსიას, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით ჩამოვიდა და თუ იზიარებს, რა არის ის მტკიცებულებები, რომელსაც ეს ვერსია უნდა დაეფუძნოს, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ პრემიერის წერილი არის უაღრესად ლოგიკური, თანმიმდევრული და მცდელობა იმისა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ გაიგოს, თუ რასთან გვაქვს საქმე.

„საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის საქციელი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. თუ მას, ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდა განზრახვა, რომ შემოსულიყო და დაეწყო ის მოძრაობა, რა მოძრაობასაც წინასწარ აანონსებდა, ეს მას უნდა გაეკეთებინა და იმის ვაჟკაცობა უნდა ჰქონოდა, ლეგალურად შემოსულიყო და განეცხადებინა, რომ საქართველოში ბრძოლისთვის ბრუნდება. ის განცხადებები, რაც მანამდე კეთდებოდა, გაეკეთებინა მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვარს გადაკვეთდა. მაშინ, რაშია იმის ლოგიკა, როგორც შემოიპარა და როგორც მოხდა?! მათი მიზანი, როგორც ეს პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია აღწერილი, იყო სწორედ ის, რომ მალულად შემოსულიყო, აქ მომხდარიყო საზოგადოების პარალიზება და მისი მომხრეების მობილიზება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, გუშინ, ევროპარლამენტის წევრმა, ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასოცირების კომიტეტის მთავარმა მომხსენებელმა, რომელიც არჩევნებს ევროპარლამენტის დელეგაციასთან ერთად აკვირდებოდა, ძალიან ზუსტი დასკვნა გააკეთა, როცა აღნიშნა, რომ ამით დასრულდა სააკაშვილის ამბიცია, რომ მას ქართულ პოლიტიკაში გავლენის მოხდენა შეუძლია და ამ არჩევნებმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ აქვთ საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ეს ხელისუფლება ქუჩის და აქციების გზით უნდა დასრულდეს.