დავით ზალკალიანი - უცხოეთში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დახმარების კუთხით საქართველოს მაგალითი შესაძლოა, მსოფლიო თანამეგობრობისთვის  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახდეს
დავით ზალკალიანი - უცხოეთში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დახმარების კუთხით საქართველოს მაგალითი შესაძლოა, მსოფლიო თანამეგობრობისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახდეს

საქართველო „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად სახელმწიფოს მიერ გამოყენებული სტრატეგიის სხვა ქვეყნებითვის შეთავაზებას გეგმავს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ჯიპიემის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა, რომელიც უცხოეთში მყოფი თანამემამულეების საჭიროებებზე რეაგირების კუთხით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეხება.

მინისტრის თქმით, საქართველო აღნიშნული გადაწყვეტილებების და მიდგომების საერთაშორისო პოზიციონირებას გეგმავს და საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანი რეგულაციების მიდგომას სთავაზობს.

მისი განმარტებით, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უწყებას მოუხდა ისეთი პრაქტიკის შემუშავება, რაც აქამდე საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობდა.

„იდეა, ჩაგვეტარებინა შესაბამისი კვლევა იმასთან დაკავშირებით, რა ეფექტიანი ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების დახმარების კუთხით, წამოვიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაანალიზეთ ამ მიმართულებით სახელმწიფოს, ხელისუფლების მხრიდან გატარებული საქმიანობა. საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული, რომ ჩვენ ადგილზე დავეხმარეთ 23 ათასზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დავაბრუნეთ 24 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე. აქედან გამომდინარე, დღევანდელი კვლევა გვაძლევს კარგ საფუძველს, რომ ჩვენი უაღრესად პოზიტიური და დადებითი გამოცდილება გავუზიაროთ მსოფლიო თანამეგობრობას.

კვლევაში არის უაღრესად პოზიტიურად შეფასებული საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა ამ მიმართულებით, ადგილზე საკუთარი მოქალაქეების დახმარების კუთხით და ასევე სამშობლოში მათი დაბრუნების თვალსაზრისით, აღნიშნულია, რომ ეს დახმარება იყო დროული, ეფექტიანი და გაიზარდა ნდობა მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი კარგი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ 2021წელს ვუმასპინძლოთ საერთაშორისო კონფერენციას და ჩვენი გამოცდილება გახდეს მსჯელობის საგანი. ამ კონფერენციას, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ გაერო-სთან ერთად, რადგანაც ჩვენს კვლევაზე დაფუძნებული დასკვნების საფუძველზე, ჩვენ ჩვენი გამოცდილების გაზიარების კუთხით შევალთ გაერო-ს სხვადასხვა ინსტიტუტებში, სხვადასხვა ფორმატში და იქ მიღებული მსჯელობის განზოგადების შედეგად მსოფლიო თანამეგობრობისთვის საქართველოს მაგალითი შესაძლოა გახდეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ვფიქრობ, რომ დღევანდელი კვლევა და ის პრეზენტაცია, რომელიც  დღეს გაკეთდა, იქნება კარგი საფუძველი იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი პოზიტიური გამოცდილება გავუზიაროთ“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.