დავით ზალკალიანი - უამრავი გამოხმაურება ვიხილეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, სადაც პირდაპირ მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ ბოიკოტი არ არის გზა, დარწმუნებული ვარ, ოპონენტები ამას გაითვალისწინებენ
დავით ზალკალიანი - უამრავი გამოხმაურება ვიხილეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, სადაც პირდაპირ მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ ბოიკოტი არ არის გზა, დარწმუნებული ვარ, ოპონენტები ამას გაითვალისწინებენ

როგორც არასდროს, ისე გვჭირდება კონსოლიდაცია, როგორც საზოგადოების, ისე პოლიტიკური სპექტრის, რადგანაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და ვფიქრობ, საღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირებისა და მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„ის შემიძლია გითხრათ, თუ რას გვეუბნებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამასთან დაკავშირებით. ყველა ერთხმად აღნიშნავს და ეს აშკარაა, თქვენ იხილეთ უამრავი გამოხმაურება, საჯარო განცხადებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს ოპონენტებს, ოპოზიციას, რომ ბოიკოტი არ არის გზა, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს მსჯელობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა პოლიტიკურ საკითხზე. ეს მოწოდებები ჩვენ გუშინაც მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც დღეს ამ ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან, გაითვალისწინებენ ამას, რადგანაც აქ საკითხი დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს გამოწვევებიდან და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან გავიდეს ქუჩაში.

„მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს უამრავი გამოწვევა უსაფრთხოების კუთხით, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესები გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პარლამენტიდან გავიდეს გარეთ, ქუჩაში. ჩვენ პირველად გვაქვს ახალი მოცემულობა და ახალი რეალობა. არჩევნები პირველად ჩატარდა ახალი სისტემით, ახალი კონსტიტუციის პირობებში. საქართველოს პარლამენტში პირველად არის შესული ცხრა პოლიტიკური პარტია. ოპოზიციას პირველად აქვს მანდატების ასეთი რაოდენობა, რომელიც არასდროს ჰქონია, 60 მანდატი. ეს არის მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული და გათვალისწინებული ის რთული გეოპოლიტიკური გარემო და უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც ჩვენს გარშემოა შექმნილი. ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს და გადადგას ნაბიჯი, პირველ რიგში, არა პოლიტიკური და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ჩვენ მთლიანი კონსოლიდაცია, კონსოლიდაცია როგორც საზოგადოების, ისე პოლიტიკური სპექტრის, რადგანაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და ვფიქრობ, საღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.