დავით ზალკალიანი - თუ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი რომელიმე პირის გარდაცვალების შესახებ მტკიცებულება იქნება, მას სიიდან ამოიღებენ
დავით ზალკალიანი - თუ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი რომელიმე პირის გარდაცვალების შესახებ მტკიცებულება იქნება, მას სიიდან ამოიღებენ

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არ არის დახურული და თუ ამა თუ იმ პირზე იქნება მტკიცებულება, რომ ის გარდაცვლილია, ბუნებრივია, მას სიიდან ამოიღებენ, – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სიაში გარდაცვლილი პირების შეყვანასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება გარდაცვლილებს, რა თქმა უნდა, ვინც ადგენდა ამ სიას, ამაზე ფიქრობდა, მაგრამ სამართლებრივად, როდესაც არ არის არანაირი მტკიცებულება, არანაირი საბუთი, რომ ის პირი, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინა გარდაცვლილია, ვერ მოხდება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. აქედან გამომდინარე, ეს სია არ არის დახურული, ეს არის ღია სია და, ბუნებრივია, თუ კი იქნება ამა თუ იმ პირზე მტკიცებულება, რომ ის არის გარდაცვლილი, ბუნებრივია, მოხდება მისი ამოღება. არანაირი კითხვები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ამასთან დაკავშირებით არ აქვთ, გაგებით ეკიდებიან ამას, რადგან მას აქვს თავისი სამართლებრივი საფუძველი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დადგენილების პროექტი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს მთავრობამ 26 ივნისს დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი. დოკუმენტის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები არიან.