დავით ზალკალიანი - თუ გვინდა, საქართველო დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, ეს მრავალფუნქციური პარლამენტის გარეშე არ გამოვა, ამიტომ, გასაგებია ევროპელი კოლეგების ზრუნვა ამ საკითხზე
დავით ზალკალიანი - თუ გვინდა, საქართველო დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, ეს მრავალფუნქციური პარლამენტის გარეშე არ გამოვა, ამიტომ, გასაგებია ევროპელი კოლეგების ზრუნვა ამ საკითხზე

თუ გვინდა, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, ეს მრავალფუნქციური პარლამენტის გარეშე ნამდვილად არ გამოვა. ამიტომ, ძალიან გასაგებია ჩემთვის ევროპელი კოლეგების ზრუნვა ამ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარებისთვის გაუგებარია ის სპეკულაციები, რომელიც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს.

„ეს ჩვენი მეგობრების გზავნილია, მეგობრების, ვისაც ნამდვილად სურთ, რომ საქართველოში იხილონ მრავალფუნქციური, ჭეშმარიტი, დემოკრატიული პარლამენტი, რადგანაც ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი და მათთვის გაუგებარია სწორედ ის ინსინუაციები, სპეკულაციები, რომელიც სამწუხაროდ, დღემდე მიმდინარეობს. ვფიქრობ, ის ჯანსაღი ნაწილი, რომელიც უკვე პარლამენტში შევიდა და აქტიურად ჩაერთო საკანონმდებლო საქმიანობაში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, რომ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანი განხორციელდეს, რადგანაც დემოკრატია და საპარლამენტო პროცესი შემადგენელი ნაწილია სწორედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის.

თუ ჩვენ გვსურს, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, ეს მრავალფუნქციური პარლამენტის გარეშე ნამდვილად არ გამოვა. ამიტომ, ძალიან გასაგებია ჩემთვის ჩვენი ევროპელი კოლეგების ზრუნვა ამ საკითხზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ევოაქტივის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა, რომ „პარლამენტს გარეთ ჯდომა, დისკუსიებზე არ დასწრება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება“.

„მიხარია, რომ თითქმის ყველა ოპოზიციონერი შევიდა პარლამენტში და მართალი გითხრათ, ვერაფრით ვუგებ მათ, ვინც ასე არ მოიქცა. პარლამენტის გარეთ ჯდომა, დისკუსიებზე არ დასწრება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. თუ რომელიმე ოპოზიციონერი გვისმენს, ძალიან გთხოვთ, შედით პარლამეტში და შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ჩვენთან, ევროპარლამენტში, რათა დაბალანსებულად და ღიად ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომლებიც გასატარებელია“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.