დავით ზალკალიანსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
დავით ზალკალიანსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფადს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბარი ძირითადად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის თემებს დაეთმო.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს 11 ივნისს გამართული ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ტელე-ვიდეო კონფერენცია. ორივე მხარის მიერ ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და პარტნიორობის ამბიციური მიზნების შემუშავებაში მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა და იეპე კოფადმა ასევე გაცვალეს ხედვები ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სახელმწიფოების მეთაურების ვიდეო-კონფერენციის დღის წესრიგის ირგვლივ, რომელიც 18 ივნისს არის დაგეგმილი. ამ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა დეტალურად გააცნო დანიელ კოლეგას აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით ქართული მხარის პრიორიტეტები.

ამასთან, დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში საოკუპაციო ძალები კვლავ განაგრძობენ ადგილზე უკანონო ქმედებებს – ხელოვნური ბარიერების გავლენას და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს.

საგარეო უწყების ცნობით, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს „კოვიდ-19“ შეკავებაში მიღწეული წარმატება მიულოცა და ამ პროცესში სოლიდარობის მნიშვნელობა აღნიშნა.

„მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და დანიის ორმხრივი ურთიერთობების შესანიშნავ დინამიკას. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა იეპე კოფადს დანიის საინვესტიციო ფონდის ფარგლებში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. საუბარი შეეხო ასევე ქვეყნების მიერ სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის ეტაპზე უსაფრთხო ტურიზმის დარგში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას, რისი მზადყოფნაც ორივე მხარემ გამოხატა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.