დავით ზალკალიანი - თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნა ტექნიკური საკითხია და დიპლომატიურ ურთიერთობებთან კავშირი არ აქვს
დავით ზალკალიანი - თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნა ტექნიკური საკითხია და დიპლომატიურ ურთიერთობებთან კავშირი არ აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, თბილისში რუსეთის სავიზო  ცენტრის გახსნა ტექნიკური საკითხია და არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონასთან. ეს განცხადება დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს არა რუსეთის საელჩო, არამედ რუსეთის ინტერესების სექცია, რომელსაც შვეიცარიის საელჩო ახორციელებს, მათ აქვთ ყველანაირი უფლება, რომ მსგავსი სახის ცენტრი გახსნან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის გარშემო სავიზო პროცედურებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობდა.

„შსს-მ მიიღო შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთილიყო ეს მართლზომიერი ქმედება და შვეიცარიის საელჩომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეხსნა სავიზო მომსახურების ცენტრი.

ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა, მსგავსი ცენტრები არსებობდა იგივე შენგენის ქვეყნებში სავიზო მომსახურებასთან დაკავშირებით, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებოდა შენგენის ქვეყნებში ვიზები. ამჟამად ბრიტანეთის საელჩოსაც აქვს მსგავსი სახის სავიზო ცენტრი და ეს არის ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკა იმისთვის, რომ პროცედურები იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თბილისში,  ბესიკის ქუჩა N4-ში, „ბიზნეს ცენტრი ბესიკზე“ შენობაში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა.