დავით ზალკალიანი - თბილისი მზად არის, დავით გარეჯის საკითხზე ექსპერტთა შეხვედრის მეორე რაუნდს უმასპინძლოს
დავით ზალკალიანი - თბილისი მზად არის, დავით გარეჯის საკითხზე ექსპერტთა შეხვედრის მეორე რაუნდს უმასპინძლოს

დავით გარეჯის საკითხზე ექსპერტთა დონეზე შეხვედრა როგორც მოლაპარაკებული იყო შედგება, – ​ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის საკითხზე დასმულ კითხვაზე განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, დავით გარეჯში, ადგილზე სიტუაციის შესასწავლად ექსპერტების ეთობლივად ჩასვლის თარიღზე ოფიციალური თბილისი აზერბაიჯანულილი მხარის პასუხს ელოდება. მისი თქმით, კომისიაში შემავალი ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტების მიერ დავით გარეჯში ვითარების გაცნობის შემდეგ, მოლაპარაკებების მეორე რაუნდს თბილისი უმასპინძლებს.

„ჩვენ ვართ მუდმივ კავშირში ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან. ეს კონტაქტები ყოველდღიურ რეჟიმშია. გარკვეული საორგანიზაციო-ტექნიკური სამუშაოების გამო შეხვედრამ გარკვეული პერიოდით გადაიწია.

ექსპერტთა დონეზე შეხვედრა აუცილებლად შედგება, როგორც ეს მოლაპარაკებული იყო პირველი რაუნდის დროს. ეს ექსპერტთა შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იქნება ადგილზე სიტუაციის შესწავლის და სწორედ ამ ექსპერტთა შეხვედრას აუცილებლად მოჰყვება მეორე რაუნდი, რომელსაც თბილისში ვუმასპინძლებთ. ესენი არიან კომისიის შემადგენლობაში მყოფი ექსპერტები, კარტოგრაფები, ასევე საზღვრის დაცვის სპეციალისტები. ყველა ტექნიკური ექსპერტი, რომელიც უშუალოდ კომისიის შემადგენლობაშია.

ამ წუთებშიც მიმდინარეობს ჩვენს კოლეგებთან შეთანხმება თარიღებზე. ჩვენ მზად ვართ, რომ შეხვედრა დღესაც კი გაიმართოს, მაგრამ ბუნებრივია, ეს ორმხრივი შეთანხმებაა. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანულ მხარეს ველოდებით. მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური შეხვედრა იქნება არანაირი პოლიტიკური“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.