დავით ზალკალიანი - თავისუფალი ეკონომიკის განვითარების მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კარგი შეფასებები გვაქვს
დავით ზალკალიანი - თავისუფალი ეკონომიკის განვითარების მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კარგი შეფასებები გვაქვს

საქართველოს თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალის შესაძლებლობის კუთხით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან კარგი შეფასებები აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ასევე, ყურადღებას ამახვილებს პანელზე Eurasia in a New Global Contex, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. ზალკალიანმა მედიას მოკლედ გააცნო საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს.

„ყურადღებას გავამახვილებთ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს. ხაზი გაესმევა საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქციის მქონე ქვეყანას. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თანმიმდევრულად ვითარდება და, რომელსაც აქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები ეკონომიკური კუთხით. ძალიან კარგი შეფასებები გვაქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალის შესაძლებლობის კუთხით“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი განმარტებით, პრემიერი ასევე ისაუბრებს სამშვიდობო პოლიტიკასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

„საუბარი შეეხება სამშვიდობო პოლიტიკას. აუცილებელია, გარე რისკები და საფრთხეები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, რათა ქვეყანაში განვითარების შესაძლებლობა შეიქმნას. თუ არ იქნება სტაბილურობა, არ იქნება განვითარება, არ იქნება ეკონომიკური პროგრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ყველა ამ საკითხზე და სასურველია, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე საქართველო წარდგეს იმ ეკონომიკური უპირატესობებით, რაც რეგიონში გააჩნია,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველო პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალივეს შორის, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას მრავალი მიმართულებით. მისი განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ პროექტებს.

„ვისაუბრეთ სატრანსპორტო პროექტებზე და იმ დიდ პოტენციალზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანში ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით შესაძლებლობები ფართოვდება. ვისაუბრეთ TANAP-ის პროექტზე და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლსა და ფუნქციას ასრულებს. მსოფლიოში აღნიშნული მიმართულებით დიდი კონკურენციაა. ყველა ქვეყანა ცდილობს, თავისი მარშრუტების წინა პლანზე წამოწევას, შესაბამისად, საჭიროა, საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი ძალებით იმოქმედონ, რომ აღნიშნულმა სატრანსპორტო მაგისტრალებმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია შვეიცარიაში, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში შეხვედრებს განაგრძობს.