დავით ზალკალიანი - „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ ჟენევის ფორმატს არანაირ საფრთხეს არ უქმნის
დავით ზალკალიანი - „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ ჟენევის ფორმატს არანაირ საფრთხეს არ უქმნის

„ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ ჟენევის ფორმატს არანაირ საფრთხეს არ უქმნის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ზალკალიანის თქმით, სია მიმართულია იმ უკანონობის აღსაკვეთად, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ ჟენევის ფორმატს არანაირ საფრთხეს არ უქმნის. ჟენევის ფორმატს ხელს ის დესტრუქციული ქმედებები უშლის, რომელიც მოლაპარაკებების დროს ხდება. კერძოდ რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების მხრიდან. ფორმატის შეცვლის უამრავი მცდელობა არის სწორედ ის, რაც საფრთხეს უქმნის ჟენევის ფორმატს. ასევე ის, რომ რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ ხდება. ის ძირითადი საფუძველი, რაზეც ჟენევის ფორმატია დაფუძნებული სამწუხაროდ, სამივე მიმართულებაზე და ვალდებულების არშესრულებაზე პასუხისმგებელი ის ძალაა, რომელიც ამ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს.

რაც შეეხება სიას, ეს სია სწორედ მიმართულია იმ უკანონობის აღსაკვეთად, რასაც ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს. კერძოდ, ადამიანის უფლებათა კუთხით და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის თვალსაზრისით. დაკავებები, მკვლელობები, უკანონო ჩამორთმევა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უფლებების შეზღუდვა – ეს სწორედ ამის საწინააღმდეგოდაა. ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში თანმიმდევრულია, იმ ვალდებულებებთან მიმართებთ, რაც ჩვენ გვაქვს და იმავეს მოვუწოდებთ მონაწილეებს, რომლებიც ჟენევის ფორმატში წარმოდგენილები არიან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

სეპარატისტული რეჟიმი საქართველოს მთავრობის ქმედებებს პროვოკაციულად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა ზომებმა შესაძლოა, ჟენევის დისკუსიებს საფრთხე შეუქმნას.