დავით ზალკალიანი - სტეფ ბლოკთან შეხვედრაზე მკაფიოდ აღვნიშნე, რომ აუცილებელია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენება, რათა რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს  
დავით ზალკალიანი - სტეფ ბლოკთან შეხვედრაზე მკაფიოდ აღვნიშნე, რომ აუცილებელია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენება, რათა რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს  

საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა, რაზეც მეტყველებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტი ნიდერლანდებში, რომელმაც ახალი ბიძგი მისცა თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელიც დღეს თბილისში, ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელ სტეფ ბლოკს შეხვდა.

როგორც მან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა სწორედ აღნიშნული დინამიკის გაგრძელებაა და ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობის თვისებრივად ახალ საფეხურზე გადასვლას ემსახურება.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, რომლებსაც საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებული თანამშრომლობა ეფუძნება.

„ამ კონტექსტში, ჩვენი საერთო ხედვა ემყარება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების მონიტორინგის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნიდერლანდებმა გააორმაგა მონიტორების რაოდენობა და ამ ეტაპზე, 14 მონიტორი ჰყავს ადგილზე, რისთვისაც მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას. მინისტრი შეხვდება ნიდერლანდელ მონიტორებს, რომლებიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მსახურობენ და მათთან ერთად მოინახულებს საოკუპაციო ხაზს, ადგილზე გაეცნობა კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციაც განიხილეს.

„საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ვრცლად განვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია – ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მიმდინარე ოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, ის მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამშვები პუნქტების დახურვის პროცესი. კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღვნიშნე, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გაზრდა, აუცილებელია ყველა არსებული მექანიზმისა და ფორმატის მაქსიმალურად გამოყენება, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც ნაკისრი აქვს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. ჩვენ ვრჩებით ჩვენ მიერ აღებული ვალდებულების ერთგული და ვართ თანმიმდევრული ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, იგივეს მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი პარტნიორების ძალისხმევის კონსოლიდაცია, ჩართულობა და მტკიცე პოზიცია არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რათა გავუმკლავდეთ უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებს. იმედი გვაქვს, ამაში ჩვენი მეგობარი და პარტნიორები მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობენ, ისევე, როგორც აქამდე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა სტეფ ბლოკთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.