დავით ზალკალიანი - სპეციალური ფრენების რეჟიმში ჩვენი მოქალაქეების უცხოეთიდან ჩამოყვანა აგვისტო-სექტემბერშიც გაგრძელდება
დავით ზალკალიანი - სპეციალური ფრენების რეჟიმში ჩვენი მოქალაქეების უცხოეთიდან ჩამოყვანა აგვისტო-სექტემბერშიც გაგრძელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ გაგრძელდება ჩარტერული, კომერციულ ფრენები, რომელთაც ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ ასრულებს.

„გავაგრძელებთ სპეციალური ფრენების რეჟიმში ჩვენი მოქალაქეების გამოყვანას. ეს იქნება ვარშავა, ათენი, რომი და ბარსელონა.

ეს არ იქნება მხოლოდ ივლისში, გავაგრძელებთ აგვისტოში და სექტემბერშიც“, – განუცხადა დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხს.

საქართველო მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები – Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს: 13 ივლისი – ვარშავა, 15 ივლისი – ბარსელონა, 17 ივლისი – რომი, 22 ივლისი – პარიზი, 28 ივლისი – ათენი. აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

ასევე, ჩარტერულ რეისებს ახორციელებს „საქართველოს ავიახაზები“ შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელ-ავივში. ამასთან, უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება.

დატოვე კომენტარი