დავით ზალკალიანი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორს შეხვდა
დავით ზალკალიანი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბორუტ პაჰორს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

აღინიშნა საქართველოს მისწრაფება, მოემზადოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის. განხილული იქნა აღმოსავლეთ პერტნიორობის მოახლოებული სამიტი და მოსამზადებელი სამუშაოები. ამ კონტექსტში, მინისტრმა ხაზი გაუსვა სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას და მხარდაჭერას.

საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის  მხარდაჭერისთვის.

მინისტრმა სლოვენიის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების სურვილს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ყველა ის სარგებელი, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ევროპასთან დაახლოების პროცესში.

მინისტრმა პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორს გადასცა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოწვევა.

დატოვე კომენტარი