დავით ზალკალიანი - სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს საელჩოები ჩართული არიან მედიკამენტების, ტესტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის საქართველოში ტრანსპორტირების საკითხებში
დავით ზალკალიანი - სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს საელჩოები ჩართული არიან მედიკამენტების, ტესტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის საქართველოში ტრანსპორტირების საკითხებში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოები აქტიურად არიან ჩართული მედიკამენტების, ტესტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის საქართველოში ტრანსპორტირების საკითხებში.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოში პირბადეების წარმოებისათვის საჭირო დოლბანდის ტრანსპორტირებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს საელჩოებმა უზბეკეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელორუსში.

„მინდა, საზოგადოებას ვაუწყო იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საქართველოს საელჩოები, ელჩები, კონსულები ახორციელებენ საქართველოსთვის შესაბამისი სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის შეძენასთან დაკავშირებით. ამ მხრივ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი საელჩოები უზბეკეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ბელორუსში, სწორედ მათ აქტიური ჩართულობით მოხერხდა სპეციალური დამცავი პირბადეების საწარმოებლად მასალის კერძოდ, დოლბანდის საქართველოში ტრანსპორტირება. ჩვენი საელჩოები ასევე ჩართული არიან სხვადასხვა მიმართულებით მედიკამენტების, ტესტების საქართველოში ჩამოტანის პროცედურებში. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია საქართველოს საელჩოების საქმიანობა გერმანიაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, აშშ-ში, შვედეთსა და იაპონიაში. ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით მოხდა ვირუსის დასადგენი ტესტების მწარმოებელ კომპანიებთან პირდაპირ კავშირზე გასვლა და ეს პროცესი, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ეს აღჭურვილობა იქნება ჩამოტანილი საქართველოში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.