დავით ზალკალიანი - სირცხვილი არის ის, რა მდგომარეობამდეც მიიყვანეს ქვეყანა და რა მდგომარეობაშიც გადმოვიბარეთ 2012 წელს
დავით ზალკალიანი - სირცხვილი არის ის, რა მდგომარეობამდეც მიიყვანეს ქვეყანა და რა მდგომარეობაშიც გადმოვიბარეთ 2012 წელს

საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთელი დიპლომატიური კორპუსი, პარლამენტთან ერთად, გააგრძელებს ძალიან აქტიურ საქმიანობას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციის, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით და რა თქმა უნდა, ნომერ პირველი ამოცანაა ჩემთვის ქვეყნისთვის საფრთხეების არიდება, რათა უზრუნველვყოთ საქართველოში სტაბილურობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შემაჯამებელი გამოსვლისას განაცხადა.

დავით ზალკალიანმა ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატების განცხადებებს უპასუხა.

„არ ვაპირებდი ოპონენტების გამოსვლაზე რეაგირებას. იცით, რომ ეს არ არის ჩემი ბუნება და არ გამოვირჩევი ძალიან მძაფრი რეაგირებით, მაგრამ ის, რაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან მოვისმინეთ, მართლაც იყო ძალიან შეურაცხმყოფელი, პირველ რიგში, მთლიანად საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და იმ დიპლომატებისთვის, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მეც ვიყავი ოპოზიციაში ბევრ თქვენგანთან ერთად, მაგრამ არასდროს წავსულვარ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, არასდროს ვკადრულობდი იმას, რასაც დღეს ვხედავ ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა მძიმე საყურებლად შეაფასა, ჩემთვისაც უმძიმესი იყო მათი ცქერა დღეს, ძალიან მძიმე იყო, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებთან ერთადაც გარკვეული წლების წინ ერთად ვიყავი დიპლომატიურ სამსახურში. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს, იმ კოლეგებს, მათ შორის, ვისთან ერთადაც მათაც უწევდათ და ვინც დღესაც აგრძელებენ საქმიანობას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, როდესაც ოპოზიცია სირცხვილზე საუბრობს, ბევრი რამ არის სირცხვილი.

„საუბარი იყო აქ სირცხვილზე. სირცხვილი ძალიან ბევრი რამ არის, მათი მხრიდან ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და არასდროს შევეგუები და არ მივიღებ ამას. სირცხვილი არის ის, რა მდგომარეობაშიც მიიყვანეს მათ ქვეყანა და რა მდგომარეობაშიც გადმოვიბარეთ ის 2012 წელს. ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია – შედეგი – ეს არის სირცხვილი. ბორდერიზაცია, რომელიც შედეგია იმ ოკუპაციის – აი, ეს არის სირცხვილი. ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის იძულებით გადაადგილება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ლტოლვილებად ყოფნა – აი, ეს არის სირცხვილი. ათასობით ქართველის გამოძევება რუსეთის ტერიტორიიდან – ეს არის სირცხვილი. ეს არის შედეგი მათი მმართველობის. საქართველოს გაქრობა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან – ეს არის სირცხვილი. მე აქ ხელთ მაქვს შედეგები და სტატისტიკა, თუ რა იყო 2008 წლიდან 2012 წლამდე ჩვენი შედეგები საერთშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს აქტუალიზაციის კუთხით, მათ შორის, მიღებული რეზოლუციების რაოდენობის თვალსაზრისით და რა შედეგები გვაქვს დღეს. სირცხვილი არის ის ნულები, რომელზეც აქ გამოდიოდა ერთ-ერთი ჩვენი ოპონენტი და ამბობდა, იმასაც ცრუობდა და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა, რომ 0 არის მხარდაჭერა და საერთაშორისო თანამეგობრობის უმაღლეს დონეზე ლიდერებს შორის განხილვის თემა არ არის. მე ვისაუბრე ამის შესახებ, მაგრამ ისინი არც მისმენდნენ, ეს არც არის მათი დამოკიდებულება, რომ მოგისმინონ და ამაზე ჰქონდეთ ადეკვატური რეაგირება. არც მქონდა იმის განცდა, რომ მათ გადავარწმუნებდი. მე მათ კი არა, საზოგადოებას ვესაუბრები და მინდა, საზოგადოებამ გაიგოს ეს შედეგებით და არა იმ რიტორიკით და უმსგავსო გამონათქვამებით იმსჯელოს, რასაც ისინი დღეს კადრულობენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, სირცხვილია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის ანგარიშში 2012 წლამდე საქართველოს შესახებ საუბარი იყო ერთხელ. დავით ზალკალიანის განმარტებით, ამავე ანგარიშში საქართველო 2012 წლის ექვსჯერ მოხვდა.

„გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია 2012 წლამდე – ნული. აი, ნული – ჩემი პასუხი ბატონ კანდელაკს, 2012 წლის შემდეგ სამი რეზოლუცია გვაქვს მიღებული. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს უმაღლესი კომისრის ანგარიში 2012 წლამდე – ნული, კიდევ ერთი ნული. 2012 წლის შემდეგ – სამი. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილის გადაწყვეტილებები საკითხზე ევროპის საბჭო კონფლიქტები საქართველოში, 2012 წლამდე – ნული, 2012 წლის შემდეგ – ხუთი. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში კონფლიქტი საქართველოში, 2012 წლამდე – ექვსი განხილვა, 2012 წლის შემდეგ 11 განხილვა. აი, ეს არის სირცხვილი და ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რა შედეგებიც ჩვენ გვაქვს.

მე ვეკითხები მათ, მაშინ, როდესაც კონფლიქტი ახალი დამთავრებული იყო 2008 წლის შემდეგ და ყველამ კარგად იცის, რომ გაცილებით მარტივია, როდესაც საკითხი არის ცხელი, როდესაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, თუნდაც, ის ახალი დასრულებული იყოს, რომ მიაღწიო საერთშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრ ზემოქმედებას ოკუპანტ ძალაზე და იმაზე, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რატომ ვერ მიაღწიეს მათ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ? ამაშია საქმე, აი, ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, სირცხვილი არის ის, რომ ადამიანებს ციხეში აწამებდნენ.

„სირცხვილი არის ის, რომ აპატიმრებდნენ სატელიტურ ანტენებს. სირცხვილი არის, რომ ადამიანებს საკუთრების უფლება ჰქონდათ წართმეული, პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა საგარეო საქმეთ სამინისტროდან დიპლომატების განდევნა. ამ პროცესს ჩვენი დღევანდელი კოლეგები ხელმძღვანელობდნენ, მაშინ, როდესაც ისინი ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. აი, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი. სირცხვილი არის ის, რომ საქართველო საერთოდ გამქრალი იყო 2008 წლის შემდეგ. გაიხსენეთ, რამდენი ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა, მხედველობაში არ მაქვს კონფლიქტის დაცხრომასთან დაკავშირებული მედიაცია, რომელსაც პრეზიდენტი სარკოზი და მაშინ ჩართული ლიდერები აწარმოებდნენ. რამდენი ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა 2008 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში? არც ერთი. რამდენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა და შეადარეთ დღევანდელ მდგომარეობას, როგორი ინტენსიური ვიზიტები გვაქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. აი, ეს არის სირცხვილი და პასუხი მათ ქმედებებზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, სირცხვილია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ ვაჭრობა ორმხრივი შეხვედრების ორგანიზების კუთხით.

„მინდა, ამ ყველაფერზე ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს ძალიან მკაფიო და ნათელი მოსაზრება. საზოგადოება, ჩვენი ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხედავს. სირცხვილია, როდესაც მაპ-ის არმიღებას ისე ყიდდნენ საზოგადოებას, რომ მაპ-ზე უფრო მეტი მივიღეთ – აი, ეს არის სირცხვილი. სირცხვილია ის მაღალი მოლოდინები, რომელსაც უქმნიდნენ ვიზალიბერალიზაციასთან და ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან და პარალელურად, სინგაპურის მოდელზე საუბრობდნენ. აი, ეს არის სირცხვილი. მე კიდევ აღარ შევჩერდები. ძალიან ბევრი რამეა მათ ქმედებებში, რაც იყო სირცხვილი. მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს ეს. არ ვაპირებდი ამ თემებზე გამოსვლას, მაგრამ სამწუხაროდ, მომიწია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთელი დიპლომატიური კორპუსი, პარლამენტთან ერთად, გააგრძელებს ძალიან აქტიურ საქმიანობას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციის კუთხით კიდევ უფრო მეტი შედეგების თვალსაზრისით, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით და რა თქმა უნდა, ნომერ პირველი ამოცანა არის ჩემთვის ქვეყნისთვის საფრთხეების არიდება, რათა უზრუნველვყოთ საქართველოში სტაბილურობა. სტაბილურობის გარეშე არ არსებობს არც განვითარება, არც კეთილდღეობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.