დავით ზალკალიანი - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება
დავით ზალკალიანი - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება

მოხარული ვარ ვუმასპინძლო საქართველოს მეგობარს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში. ეს ვიზიტი გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული. შვედეთი ემზადება ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის და მისი თავმჯდომარეობის პერიოდში აუცილებელია, რომ ორგანიზაცია იყოს განსაკუთრებულად აქტიურად ჩართული ისეთი სიტუაციებისა და მწვავე პრობლემების მოგვარებაში, როგორიც არის კონფლიქტები ეუთო-ს რეგიონში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ან ლინდეს საქართველოში ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზალკალიანის ინფორმაციით, შვედ კოლეგასთან შეხვედრაზე აღინიშნა ეუთო-ს კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის აუცილებლობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ადგილზე უსაფრთხოების სიტუაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი ეუთოს პოლიტიკური დღის წესრიგის მოწინავე საკითხებს შორის იყოს წარმოდგენილი.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-ს რეგიონში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის ბელარუსში არსებულ ვითარებასა და მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას. ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, კონფლიქტის მხარეებისთვის თბილისის მოლაპარაკებების პლატფორმად შეთავაზებასთან დაკავშირებით.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურად ჩართულობის აუცილებლობა სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართულ ქმედებებში.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იყო საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი შეფასება ჩვენი შვედი კოლეგების მხრიდან წინა მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ განახორციელა არჩევნების მომზადების კუთხით. კერძოდ, მაღალი შეფასება მიეცა იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას, რომელიც მოდიოდა ეუთო/ოდირის მხრიდან, ასევე საკონსტიტუციო რეფორმებს, რომელიც საქართველომ განახორციელა. მადლიერი ვართ შვედეთის, რომელიც იქნება წარმომადგენელი როგორც დამკვირვებელი ეუთო/ოდირის მისიაში, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც აქვს საქართველოს დაწესებული უკვე ბოლო წლების განმავლობაში – 2012 წელს მოყოლებული ყველა არჩევნები ჩატარდა უმაღლესი სტანდარტების და პრინციპების დაცვით, ასევე იქნება უზრუნველყოფილი და გარანტირებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი