დავით ზალკალიანი - შეიძლება, ვთქვათ, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადების პროცედურა დაიწყო
დავით ზალკალიანი - შეიძლება, ვთქვათ, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადების პროცედურა დაიწყო

მივესალმები ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას და იმედს ვიტოვებ, რომ მიმდინარე წელი იქნება ისტორიული და გარდამტეხი თავისუფლებისთვის მებრძოლი სამი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭომ განიხილა ასოცირებული ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადები ევროკავშირის წევრობაზე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სამივე ქვეყნის განაცხადები გადაეგზავნოს ევროკომისიას.

„ეს არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადების პირველი, უსერიოზულესი ნაბიჯი და შეიძლება, ვთქვათ, რომ სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადების პროცედურა დაიწყო. პროცედურის შემდეგი ეტაპია ევროკომისიის მიერ განმცხადებელი ქვეყნის მზაობის შეფასება, რის შემდეგაც ევროკავშირის საბჭო, წევრი ქვეყნები ერთხმად მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და შემდეგ უკვე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების თაობაზე. ის ფაქტი, რომ ევროკავშირს ასეთი მყისიერი რეაქცია ჰქონდა ასოცირებული ქვეყნების განცხადებაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნების სუვერენული უფლებისადმი, შეუერთდნენ ევროპულ ოჯახს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ბევრი მუშაობა მოუწევს გაწევრიანების გზაზე.

„კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. საქართველოს ბევრი მუშაობა მოუწევს ამ გზაზე და დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა საზოგადოების ერთად შეკვრა და ერთსულოვანი ძალისხმევა საბოლოო წარმატების მისაღწევად. საქართველო განაგრძობს ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას. პირველ რიგში, ეს ეხება ასოცირების შეთანხმების შესრულებას, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობების საბაზისო ჩარჩო და ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი რეფორმების გზამკვლევია. ამჟამად საქართველოს შეთანხმების დაახლოებით 40 პროცენტამდე აქვს შესრულებული. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ასევე ძალზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ამოცანაა, ევროკავშირის ბაზარზე მაქსიმალურ ინტეგრაციას მივაღწიოთ. სხვადასხვა დარგში ვაგრძელებთ ევროკავშირის სექტორულ პოლიტიკასთან დაახლოებას, რის შედეგადაც მეტი ევროპული სტანდარტის დამკვიდრება ხდება. ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობით, საქართველო ევროპის საგანმანათლებლო, კულტურულ და სამეცნიერო სივრცის ნაწილი გახდა. ჩვენი მიზანია, ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებთან რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს საკანონმდებლო, ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან და საბოლოო ჯამში, საქართველოს  ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკების დაწყებისთვისაც ამზადებს. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და იმედს ვიტოვებ, რომ მიმდინარე წელი იქნება ისტორიული და გარდამტეხი თავისუფლებისთვის მებრძოლი სამი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.