დავით ზალკალიანი - შარლ მიშელთან შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის დამთავრებული იყო და ოპონენტებმა წარმოაჩინეს ისე, თითქოს ეს იყო მათი ხელისუფლებაზე გამარჯვება
დავით ზალკალიანი - შარლ მიშელთან შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის დამთავრებული იყო და ოპონენტებმა წარმოაჩინეს ისე, თითქოს ეს იყო მათი ხელისუფლებაზე გამარჯვება

შარლ მიშელთან შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის დამთავრებული იყო და ოპონენტებმა წარმოაჩინეს ისე, თითქოს ეს იყო მათი ხელისუფლებაზე გამარჯვება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ოპოზიციასთან შესაძლო შეთანხმებაზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მათი მხრიდან ბევრი სპეკულაცია ისმის.

„ძალიან ბევრი სპეკულაციებია ამ თემასთან დაკავშირებით და ამას ხელს უწყობენ ჩვენი ოპონენტები. მე ვიტყოდი, საკმაოდ არასერიოზული განცხადებებია ოპოზიციის მხრიდან. შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის დამთავრებული იყო და წარმოაჩინეს ისე, თითქოს ეს იყო მათი გამარჯვება ხელისუფლებაზე. ეს არავის გამარჯვება არ იქნება, ყველა პოლიტიკურ ძალას შორის შეთანხმება იქნება ქვეყნის გამარჯვება და არა რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტიის. ეს მათი ტაქტიკაა და ამგვარ ხრიკებს ხშირად მიმართავენ,. ჩვენთვის მთავარია, რომ მოვძებნოთ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი. ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მზად არის, გამოიძებნოს დეესკალაციისკენ მიმართული კონკრეტული ქმედებები. ძალიან კარგად ვიცით, რომ სერიოზული თემები განიხილება და არ არსებობს არც ერთი მოლაპარაკება, მათ შორის რთული მოლაპარაკება, რომელიც პირველსავე შეხვედრის დროს წყდება. ამიტომ დაველოდოთ პროცესებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი განვითარდეს შემდგომ და ოპონენტების მხრიდან პროცესში ჩართვის მზაობა იყოს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკება, რომელზეც წინაპირობით მიდიხარ, წარმატებული ვერ იქნება.

„არ შეიძლება მოლაპარაკებეზბე წინაპირობით მისვლა. წარმოუდგენელია ეს. ასეთი მოლაპარაკება წარმატებული ვერ იქნება, თუ შენ რაღაცა წინაპირობით მიდიხარ და ამბობ, რომ თუ ეს არ იქნება, შეთანხმებაც არ იქნება. სულ ცოტა ხნის წინ მთელი ოპოზიციური სპექტრი იყო მოწადინებული, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით კონკრეტული ქმედებები განხორციელებულიყო და ეს უკვე რეალობაა, პარლამენტში უკვე არის კანონპროექტი. ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა, რომ ადგილობრივი არჩევნების და  შემდგომ 2024-ის არჩევნების დროს ბარიერი დაიწიოს. „ქართულ ოცნებას“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არიან, საკმარისი ხმების მოგროვების რესურსი არ აქვთ, რომ ეს შესრულდეს. მათ კეთილი ნება და სურვილი თუ აქვთ, ზუსტად ეს არის შესაძლებლობა, რომ წამოვიდნენ კომპრომისზე და თუნდაც ამ ერთ თემაზე მოხდეს შეთანხმება, მაგრამ ამას სჭირდება ნება, გამბედაობა, შესვლა პარლამენტში და არა ბოიკოტირება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, გაითვალისწინონ რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯი გადადგან.

„არ არსებობს იმაზე მაღალი თანამდებობა, ვიდრე არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და როდესაც ის თავის თავზე იღებს ინიციატივას, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეს მედიტაციაზე, ეს ხომ იმის ხაზგასმაა, რომ ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანია, ქვეყნის სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

მინდა მოვუწოდო იმ ძალებს, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას მძევლად ჰყავს აყვანილი, ეყოთ გამბედაობა, ერთხელ მაინც გადადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ხომ ხედავთ, როგორი რთული გეოპოლიტიკური გარემოა ჩვენ გარშემო. ვერ გამოვალთ ამ სიტუაციიდან, თუ ქვეყნის შიგნით არ იქნა ყველა პოლიტიკური ძალის კონსოლიდაცია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.