დავით ზალკალიანი - სერგეი ლავროვთან შეხვედრა იყო საჭირო, დროული და აუცილებელი
დავით ზალკალიანი - სერგეი ლავროვთან შეხვედრა იყო საჭირო, დროული და აუცილებელი

სერგეი ლავროვთან შეხვედრა იყო საჭირო, დროული და აუცილებელი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

„ამის თქმის საფუძველს მაძლევს მე ის კომუნიკაცია, რომელიც მქონდა ნიუ იორკში მთელი კვირის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ აუცილებელია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ბორდერიზაციის პროცესი და ასევე ჟენევის პროცესში არსებული პრობლემატიკა იყოს განსაკუთრებულად განხილული და ამ პროცესს მივცეთ ახალი დინამიკა“,- განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მეორე სპეკულაცია გავაქარწყლო, რომ თითქოს იქ საუბარი იყო რაღაც ფორმატების ცვლილებაზე და რაღაც ფორმატის ჩანაცვლებაზე. არამც და არამც, არანაირი ფორმატის ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. პირიქით, კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობებს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჟენევის ფორმატში. რა თქმა უნდა, პერსონალიები შეიცვალა, მაგრამ ახალი პერსონალიები, რომლებიც ეყოლება რუსეთის ფედერაციას, მისი მონაწილეობით იქნება გაგრძელებული ჟენევის მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ლავროვთან შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი შვეიცარიის მხარე იყო, რაზეც ქართულმა მხარემ თანხმობა განაცხადა.

„ნიუ იორკში მთელი კვირის განმავლობაში მქონდა შეხვედრა პარტნიორებთან. განვიხილავდით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას. რამდენიმე დღით ადრე, ამ შეხვედრამდე, მე მქონდა შეხვედრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელმაც ჩემთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ხომ არ იქნებოდა განხილული ჩვენი მხრიდან ამ შეხვედრის შესაძლებლობა გაერო-ს ფორმატის ფარგლებში შვეიცარიელების ინიციატივით, მათი ორგანიზებით და შუამდგომლობით. რა თქმა უნდა ეს, ჩვენი მხრიდან იყო განხილული და დავთანხმდით ამ შეხვედრაზე. რატომაც არა. გაერო-ს ფორმატებში ყველა ყველას ესაუბრება. იქ მიდის საუბარი ისეთ ქვეყნებს შორის. რომლებთაც დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ. იცით თქვენ, რომ ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით სომხეთი და აზერბაიჯანი საუბრობს. სერბეთი და კოსოვო საუბრობს ირანის თემატიკასთან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და რატომაც არა, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, დავით ზალკალიანის თქმით, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზეც იყო საუბარი.

ფრენებთან დაკავშირებით საუბარი იყო და ბუნებრივია, ამას მივესალმეთ. ფრენებთან დაკავშირებით ამ შეხვედრის წინა დღეს გაკეთდა კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ერთ-ერთ გამოცემაში. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას. შეხვედრაზეც აღვნიშნე, რომ ხალხთა შორის ურთიერთობის წინააღმდეგი ვინ შეიძლება იყოს? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთი რუსეთის მოქალაქე ვერ იტყვის, რომ მას რაიმე პრობლემები შეექმნა. ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ ძალიან რაციონალურად, პრაგმატულად გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას და ეს ყველაფერი არის ჩვენი, საქართველოს გადასაწყვეტი“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.