დავით ზალკალიანი სენატორ დევიდ პერდუეს შეხვდა
დავით ზალკალიანი სენატორ დევიდ პერდუეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა სენატორ დევიდ პერდუესთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სენატორს მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისა და ამერიკის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივებისთვის.

„აღინიშნა ამერიკის კონგრესთან ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურებული თანამშრომლობა და ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალი დონე, რაც მათ შორის დადასტურდა საქართველოს მხარდამჭერი აქტის სახით და იმედი გამოითქვა, რომ ახალი მოწვევის კონგრესი ასევე გამოხატავს საკუთარ მხარდაჭერას ინიციატივის მიმართ.

სენატორს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, ქვეყნის განვითარების, მთავრობის ხედვების შესახებ“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას ამ გზაზე.

„მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს და ამ მხრივ ქვეყნის წამყვან პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში, ასევე საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო რეგიონალურ ფუნქციას. ხაზი გაესვა აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას და ამ მხრივ კონგრესის განსაკუთრებულ როლს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.