დავით ზალკალიანი - საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, 13 კი - გარდაცვლილი
დავით ზალკალიანი - საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, 13 კი - გარდაცვლილი

კორონავირუსით, ამ ეტაპზე საზღვრგარეთ საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული. უმრავლეს შემთხვევაში, სახეზე გვაქვს დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ინფექციით საზღვრგარეთ მყოფი საქართველოს 13 მოქალაქეა გარდაცვლილი. მინისტრმა მათ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოვხატო თითოეული ოჯახის მიმართ. არსებული შეზღუდვის ფონზე, მოგეხსენებათ, ძალიან გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები. ის მიმდინარეობდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, ამიტომ შეფერხდა გარდაცვლილთა გადმოსვენების ტრანსპორტირების პროცესი. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ადგილზე უზრუნველყოფდა მათ დახმარებას. მხედველობაში მაქვს ოჯახის წევრების დახმარება შესაბამის პროცედურებთან მიმართებაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს ქართველი მეზღვაურებისთვის აღმოჩენილი დახმარება.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტს სააგენტოსთან ერთობლივი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მყოფი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნება, ასევე ადგილზე სამედიცინო ხასიათის და ინდივიდუალური ხასიათის ქმედითი დახმარებები“, – განაცხადა ზალკალიანმა.