დავით ზალკალიანი - სასურველი იქნებოდა, რასმუსენს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით განცხადება მაშინაც გაეკეთებინა, როდესაც გენერალური მდივანი იყო
დავით ზალკალიანი - სასურველი იქნებოდა, რასმუსენს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით განცხადება მაშინაც გაეკეთებინა, როდესაც გენერალური მდივანი იყო

გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით მიიღება, ამიტომ ნატო-ს პარტნიორი წევრების მხრიდან უნდა იყოს კონსენსუსი მიღწეული და ამ მხრივ მუშაობაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„რაც შეეხება რასმუსენის კომენტარს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, იცით ამაზე ჩვენი პოზიცია, რომ 2008 წელს, როდესაც ბუქარესტში იქნა მიღებული გადაწყვეტილება, იქ იყო ნათქვამი და ეს მთავარი დოკუმენტია, რითაც ვხელმძღვანელობთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე 2011 წელს, როდესაც ასპირანტ ქვეყნად იყო გამოცხადებული საქართველო, აქაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დასმული. რაც შეეხება ამ საკითხს, სასურველი იქნებოდა, რომ რასმუსენს, როდესაც გენერალური მდივანი იყო, მაშინაც მსგავსი განცხადება გაეკეთებინა. ვფიქრობ, აუცილებელია მუშაობა პარტნიორებთან, ეს უნდა იყოს კონსენსუსის საგანი. დამერწმუნებით, გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით მიიღება, ამიტომ ნატო-ს პარტნიორი წევრების მხრიდან უნდა იყოს კონსენსუსი მიღწეული და ამ მხრივ მუშაობაა საჭირო. ჩვენ ყველა პარტნიორთან როგორც ინდივიდუალურად, ისე ნატო-ს ფარგლებში ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა საპარლამენტო გამოსვლისას.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში  გაიმართა, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა  ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. „ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.