დავით ზალკალიანი - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უმნიშვნელოვანესია
დავით ზალკალიანი - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უმნიშვნელოვანესია

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გაჩენა და ამ მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, – ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ენ ლინდეს განცხადება, რომ ევროკავშირმა ღია უნდა დატოვოს კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წევრობისკენ ისწრაფვიან და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

დავით ზალკალიანის განცხადებით, თავის მხრივ, საქართველოც თანმიმდევრულად მიუყვება ინტეგრაციის გზას და ევროკავშირის წევრობის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და ევროინტეგრაციის დღის წესრიგი დავით ზალკალიანმა შვედ კოლეგასთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ განიხილა.

„შვედეთში ვიზიტის დროს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაყენეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს შვედეთის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, რაც ასევე იყო გაცხადებული საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული. ის განცხადებები, რომელებიც გავაკეთე კონფერენციაზე, სწორედ ამ მიმართულებით იყო. აღნიშნული იყო ის პროგრესი, რომელიც საქართველომ გაიარა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვართ აღიარებული, როგორც ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაკმაყოფილებს.  აუცილებლად გვინდა, რომ საქართველომ წინ იაროს საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ, ევროკავშირის მხრიდან პერსპექტივის გაჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რაც ჩვენ გვეხმარება კონსოლიდაციაში, საზოგადოების გაერთიანებაში და კიდევ უფრო თამამი ნაბიჯებით წინსვლაში. ძალიან მკაფიოდ იქნა ჩემ მიერ აღნიშნული, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალი მიზანი და ეს მიზანი არის ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება. სწორედ ეს მიზანი გვეხმარება რეფორმების კიდევ უფრო აქტიურ გატარებაში, ასევე, ჩემი მხრიდან, იყო აღნიშნული, რომ აუცილებელია, თანმიმდევრულად ვიაროთ ევროკავშირის საერთო ბაზრისკენ, რათა გაიხსნას კარი ევროკავშირის ოთხი თავისუფლებისკენ და ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი საშინაო ქმედებით, იმ მიმართულებებით, რომელებიც განსაზღვრული გვაქვს ევროკავშირის საგზაო რუკაში, გზას თანმიმდევრულად განვაგრძობთ. ბუნებრივია, როგორც კონფერენციაზე აღვნიშნე, საქართველო, რადგანაც მას აქვს საზოგადოების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, ევროკავშირისკენ თანმიმდევრულ სვლას გააგრძელებს “,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.