დავით ზალკალიანი საქართველოში გაერო-ს ახლად დანიშნულ რეზიდენტ-კოორდინატორს შეხვდა
დავით ზალკალიანი საქართველოში გაერო-ს ახლად დანიშნულ რეზიდენტ-კოორდინატორს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში გაერო-ს ახლად დანიშნულ რეზიდენტ-კოორდინატორ საბინ მაქლისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

მაღალი შეფასება მიეცა წლების მანძილზე ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესში გაერო-ს აქტიურ როლს.

საბინ მაქლიმ შეხვედრისას აღნიშნა, რომ გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორის ოფისი გაზრდილი ძალისხმევით გაუწევს კოორდინაციას საქართველოში აკრედიტებული გაერო-ს სააგენტოების საქმიანობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და გაერო-ს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა გაერო-ს მნიშვნელოვან როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, განსაკუთრებით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა საბინ მაქლის ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, საბინ მაქლიმ მინისტრს მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.