დავით ზალკალიანი - სრული მზაობაა ჩვენი მხრიდან, რომ თუკი ხარვეზი იყო საარჩევნო კანონმდებლობაში, გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პარლამენტის შტურმით ხელისუფლების ცვლილების პროცესი, მაიკ პომპეო ჩვენს პოზიციას იზიარებს
დავით ზალკალიანი - სრული მზაობაა ჩვენი მხრიდან, რომ თუკი ხარვეზი იყო საარჩევნო კანონმდებლობაში, გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პარლამენტის შტურმით ხელისუფლების ცვლილების პროცესი, მაიკ პომპეო ჩვენს პოზიციას იზიარებს

სრული მზაობაა ჩვენი მხრიდან, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში თუკი სადმე ხარვეზი იყო, გამოსწორდეს. ის არ გამოსწორდება ქუჩის აქციებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „მოამბეში“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პარლამენტის შტურმით ხელისუფლების ცვლილების პროცესი და ამ პოზიციას მაიკ პომპეოც იზიარებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაიკ პომპეოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის შიგნით განვითარებულ პროცესებზე, აღინიშნა და აქ იყო სრული თანხვედრა პოზიციებში, რომ ის პროცესები, რომელიც განვითარდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ახალი რეალობა ჩვენი დემოკრატიული სიმწიფისთვის. იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის შემდგომი განცხადებები ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიზაციას განიხილავს, როგორც მიმდინარე პროცესს და ამ პროცესში არჩევნებს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა არჩევნები ახალი სისტემით და ამ ახალი სისტემის შემუშავებაში ძალიან დიდი იყო ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ცხრა პოლიტიკური პარტია არასდროს ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, ოპოზიციას ასეთი რაოდენობის მანდატები არასდროს ჰქონია, არასდროს ჩატარებულა არჩევნები ასეთი ახალი სისტემით. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ამ არჩევნებში მონაწილე აქტორებმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და ამომრჩევლის ნებას პატივი სცენ.

ეს არის ის რეალობა, რომელიც წარმოიშვა, სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი, რომ ეს პროცესი დარჩეს პოლიტიკურ ჩარჩოებში და შევიდეს პარლამენტში.

სრული მზაობაა ჩვენი მხრიდან, რომ თუკი სადმე ხარვეზი იყო საარჩევნო კანონმდებლობაში, გამოსწორდეს. ის არ გამოსწორდება ქუჩის აქციებით. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პარლამენტის შტურმით ხელისუფლების ცვლილების პროცესი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კითხვაზე, როგორი იყო ამ საკითხზე მაიკ პომპეოს პასუხი, ზალკალიანმა უპასუხა, რომ ის მათ პოზიციას იზიარებს.

„ის იზიარებს ჩვენს პოზიციას. ეს გამოჩნდა შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირის განცხადებაში, სადაც არის პირდაპირ მოწოდება ოპოზიციისადმი, რომ ბოიკოტი არ არის ცივილიზებული ბრძოლის გზა, რომ ეს ფილმი უკვე ნანახი აქვს ჩვენს და საერთაშორისო საზოგადოებას. პრობლემის მოგვარების ერთადერთი ცივილიზებული მეთოდი არის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და იქ ამის გამოსწორება, იქ ამაზე მსჯელობა. ეს არის ის მანდატი, რომელიც ამომრჩეველმა, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურ აქტორებს მისცა. სამწუხაროდ, ისინი ამას დღემდე არ ითვალისწინებენ.

ვხედავთ, რა ხდება სამეზობლოში, როგორ არის გაზრდილი რუსეთის ჩართულობა რეგიონში და ჩვენ ამ დროს დაკავებული ვართ აბსოლუტურად უაზრო, არაფრისმომცემი გაჯიუტებით და პროცესების ქუჩაში გადატანით. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს მიუღებელია, რაც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს მათ“, – განაცხადა მინისტრმა.