დავით ზალკალიანი - საქართველოს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს წერილით მიმართავს.
მისი თქმით, უცხოელი დიპლომატები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში ყოველთვის ცენტრალურ ადგილს იკავებდნენ და წელსაც, პანდემიის შედეგად შექმნილ არაორდინალურ პირობებშიც, როდესაც ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნა სახალხო ზეიმის გარეშე ჩაივლის, უცხოელი დიპლომატები, ქართველ ხალხთან ერთად, თავიანთ გულებში ზეიმობენ იმ დღეს, როდესაც ქართული დემოკრატიული სახელმწიფო დაიბადა.
ზალკალიანის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენით, საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიულმა ქვეყანამ, რომლის მიზნები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ეკონომიკის ზრდასა და დივერსიფიცირებას ემყარება.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა იმ მეგობრების გარეშე, რომლებიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ შეიძინა.
„საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა იმ ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს გვერდით დგანან“, – წერს ზალკალიანი და პროფესიონალიზმის, თავდადებისა და გულითადი დამოკიდებულებისთვის მადლობას უხდის საქართველოში მოღვაწე უცხო ქვეყნების ელჩებს, დელეგაციების ხელმძღვანელებს, დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს.
ზალკალიანი ასევე მადლიერებას გამოხატავს პანდემიის პერიოდში საქართველოს მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, „ბოლო თვეებში თავს დამტყდარმა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია მსოფლიო გარდაიქმნას და სოლიდარობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებზე გადაეწყოს“.