დავით ზალკალიანი - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გვაქვს ამბიციური განაცხადი და თანმიმდევრული ვართ საშინაო დავალების შესრულების კუთხით
დავით ზალკალიანი - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გვაქვს ამბიციური განაცხადი და თანმიმდევრული ვართ საშინაო დავალების შესრულების კუთხით

საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გვაქვს ამბიციური განაცხადი და თანმიმდევრული ვართ ჩვენი, როგორც საშინაო დავალების შესრულების კუთხით, ასევე ჩვენი მხრიდან ამბიციური დღის წესრიგის ინიცირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, ევროპელი პარტნიორების მიმართ მათი თხოვნა არის, რომ მოხდეს ადეკვატური შეფასება არსებული სიტუაციის.

„იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინები ვმართოთ და არ დაგვემართოს იმედგაცრუება, რეალისტები უნდა ვიყოთ და რეალისტურად შევაფასოთ სიტუაცია, რომელიც შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში. ფაქტია, რომ არის სამი ქვეყანა: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ვისაც აქვს ამბიციური განაცხადი და ჩვენ თანმიმდევრული ვართ ჩვენი, როგორც საშინაო დავალების შესრულების კუთხით, ასევე ჩვენი მხრიდან ამბიციური დღის წესრიგის ინიცირებით. არიან ქვეყნები, რომლებსაც განსხვავებული ხედვა აქვთ, პირდაპირ აცხადებენ და დასამალი არ არის, რომ მათ დღის წესრიგში არ დგას ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ ჩვენი თხოვნაც, ევროპელი პარტნიორების მიმართ არის, რომ მოხდეს ადეკვატური შეფასება არსებული სიტუაციის. ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. არ უნდა მოგვერიდოს ამ მოვლენებზე საკუთარი სახელის დარქმევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აღმოვჩნდებით უკიდურესად რთულ მდგომარეობაში: ვერ ვაღიარებთ პროგრესს და იმ ქვეყნებს, ვისაც აქვთ, ამ ქვეყნების პროგრესი არ იქნება შესაბამისად შეფასებული, რაც გამოიწვევს იმედგაცრუებას ჩვენს საზოგადოებაში და ეს იქნება არასწორი სიგნალი სხვებისთვისაც. ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი და აქ საჭიროა ევროკავშირთან ახლო კოორდინაცია, თანამშრომლობა“, – განაცხადა დავით ზალკალინმა.

მისივე თქმით, ბრიუსელის გარდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში იგივე ფორმატით შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.

„ჩვენ ვგეგმავთ ასევე სხვა ვიზიტებს. ეს დასაწყისია. ბრიუსელში ჩამოვედით, მაგრამ ასევე ევროპულ დედაქალაქებშიც უნდა წავიდეთ, იგივე ფორმატით, რომ მათაც გავაგებინოთ ჩვენი პოზიცია, ჩვენი სათქმელი. უნდა მოვემზადოთ ჩვენც და მოვამზადოთ პარტნიორებიც, არამხოლოდ ბრიუსელში, არამედ ევროპულ დედაქალაქებში. რა თმა უნდა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის წევრობა და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. ჩვენ ასევე გვაქვს ამბიციური განაცხადი, რომ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს წევრობისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ფორმატიც ერთგვარი დამხმარე საშუალებაა და ფორმა არის ამ პროცესების დაჩქარების. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც ქვეყანა, ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც დამკტიცებული არის ჩვენი სამთავრობო კომისიის მიერ, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, მაგრამ ის არის ასევე სრულ თავსებადობაში იმ საერთო ინტერესებთან, რომელიც ტრიოს ფორმატში გამოიკვეთა.

აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ უფრო მეტად პროაქტიულები. ეს ნიშნავს იმას, რომ მეტი ინიციატივით გამოვიდეთ, მეტი შესაძლებლობები მოვნახოთ, რაც მოიპოვებს მოწონებას ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ეს ეხება ყველა მიმართულებას, მათ შორის პოლიტიკური განზომილების კუთხით, ეკონომიკა და ვაჭრობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სახით, ეს არის ის ყოვლისმომცველი ფუნდამენტი, რაც ემსახურება ჩვენს საბოლოო მიზანს, წევრობას. თუკი ჩვენ ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩართვით, წარმატებით შევასრულებთ, მათ უკვე ჩვენთვის სათქმელიც აღარაფერი არ ექნებათ, თუ რა შეიძლება იყოს ბარიერი საბოლოო მიზანზე, წევრობის თვალსაზრისით.

ასევე ეკონომიკურ განზომილებასთან ერთად, ჩვენ ვთავაზობთ ახალ შესაძლებლობებს, იგივე დაკავშირებულობა. გამოვიყენოთ არსებული შესაძლებლობები, არსებული ინფრასტრუქტურული და გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დაკავშირებულობა სამ ასოცირებულ წევრს შორის, ასევე ჩვენს ასოცირებულ წევრებსა და ევროკავშირს შორის, ეს არის ის, რასაც ვთავაზობთ და ის პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც ჩვენს შორის არის და ამას ძალიან პოზიტიურად უყურებენ“,- განაცხადა ზალკალიანმა.