დავით ზალკალიანი - საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა აქვს
დავით ზალკალიანი - საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ამ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები იყო.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი პრინციპები და ვალდებულებები.

„მინისტერიალის ფორმატში კოლეგა მინისტრებთან ძალიან ინტენსიური ორმხრივი შეხვედრები გვქონდა. მათ შორის, ეუთო-ს გენერალურ დირექტორთან და ვარშავის ეუთო-ს ოდირის დირექტორთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. ყველა ამ ორმხრივ შეხვედრაზე ვისაუბრეთ უსაფრთხოების კუთხით და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციაზე, რადგან ეს ორგანიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც ვალდებულია, სწრაფი რეაგირება მოახდინოს მსგავს გამოწვევებზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განმარტებით, წელს ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომაზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კომენტარში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერესია, საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისა და კერძოდ ეუთო-ს დღის წესრიგში.

„აღსანიშნავია, რომ წელს უპრეცედენტოდ მაღალი დონის მხარდაჭერა გვქონდა. 30-ზე მეტმა დელეგაციამ საკუთარ გამოსვლაში ახსენა საქართველო ოკუპაციის ფონზე მიმდინარე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისა და კერძოდ, ეუთო-ს დღის წესრიგში, საქართველოს თემატიკა ძალიან მკაფიოდ ჟღერს და ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.