დავით ზალკალიანი - საქართველოს მთავრობის მიდგომებმა ევროპელ პარტნიორებში დაიმსახურა ძალიან დიდი მხარდაჭერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მიდგომებმა ევროპელ პარტნიორებში ძალიან დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა. ზალკალიანმა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა კარგი შესაძლებლობა, რომ პარტნიორებთან ესაუბრა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც მან წარადგინა სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტში.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა კარგი შესაძლებლობა, რომ პარტნიორებთან ესაუბრა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც მან წარადგინა სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტში საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, განათლების რეფორმებთან მიმართებით, მცირე მთავრობის კონცეფცია, ასევე, საგარეო პრიორიტეტები.
ყველა პრინციპმა და საქართველოს მთავრობის მიდგომებმა დაიმსახურა ძალიან დიდი მხარდაჭერა და მოწონება და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს დასტური, რომ მათი მხრიდან ყველა ამ მიმართულებით გვექნება მათი შეუქცევადი მხარდაჭერა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.