დავით ზალკალიანი - საქართველოს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით
დავით ზალკალიანი - საქართველოს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით

ვფიქრობ, რაც 2019 წლის 20 ივნისს მოხდა, არის მართლაც უაღრესად სამწუხარო ფაქტი, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული დასკვნები გააკეთა ამ ფაქტთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკლალიანმა განუცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი აქვს საგარეო-პოლიტიკური, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.

„ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან გაფართოებული ფორმატები, რომელიც არც ერთ სხვა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყანას არ აქვს. ჩვენ გვაქვს ნატო-სთან ახალი ფორმატები, საქართველო, როგორც არასდროს ისე არის წარმოდგენილი ნატო-ს ფორმატებში და დეკლარაციები, რომელიც მიღებულია ნატო-ს მხრიდან, ხაზს უსვამს ჩვენი ევროატლანტიკური პროცესის შეუქცევადობას. ჩვენ გვაქვს გაძლიერებული სტრატეგიული პარტნიორობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან და როგორც არასდროს, ისე მაღალ ნიშნულზე არის ეს პარტნიორობა. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ის შეფასებები, რომელსაც ვისმენთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან. გზავნილები, რომელიც ჩვენ 26 მაისს მივიღეთ, სახელმწიფო მდივან პომპეოს მხრიდან, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და უმაღლეს ნიშნულამდე მივიდა. რეფორმები, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს, თუნდაც პანდემიასთან გამკლავების კუთხით, საქართველოს მთავრობის, „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგი, არის ზუსტი პასუხი იმ კითხვაზე, რასაც ოპონენტები სვამენ და არის ჩვენი გზავნილი ყველას მიმართ, ჩვენი მოსახლეობის, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის თანმიმდევრული. ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და არა მხოლოდ დეკლარაციის დონეზე ხდება ამის წარმოჩენა, არამედ კონკრეტული ხელშესახები შედეგებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.