დავით ზალკალიანი - საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მიიღო განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები
დავით ზალკალიანი - საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მიიღო განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები

საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მიიღო განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, განცხადება ყოვლისმომცველია და მასში მნიშვნელოვანი აქცენტებია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

„მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მიიღო განცხადება და ეს განცხადება გავრცელდება უახლოეს პერიოდში, რომელიც ყოვლისმომცველია და რომელშიც გაკეთებულია მნიშვნელოვანი აქცენტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. იმ უკანონო ქმედებებზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პოლონეთი ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია.

„რაც შეეხება ორმხრივ შეხვედრებს, მქონდა შეხვედრები ჩემს ევროპელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ, პოლონეთი ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეა და ბუნებრივია, ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც მქონდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ან ლინდესთან, ეუთო-ს ამჟამინდელ თავმჯდომარესთან, ასევე გაგრძელდება პოლონეთთანაც. ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც იქნება პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში და ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ პოლონეთი ჩვენი ძალიან დიდი მხარდამჭერია ყველა მიმართულებით, ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით. ასევე ავსტრიელ კოლეგასთან არის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბარი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან ინტენსიურად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები ავსტრიასთან.

„შედგა რამდენიმე ვიზიტი, პრეზიდენტი იმყოფებოდა ვიზიტით, პრემიერი რამდენჯერმე შეხვდა ავსტრიის კანცლერს ბოლო თვეების განმავლობაში. ინტენსიურად მუშაობს ჩვენი საელჩო, ელჩი, რათა რეგიონებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს. განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ პერიოდში, როდესაც ჩვენ ვხსნით ქვეყანას, კვლავინდებურად დავუბრუნდეთ იმ დონეს, რა დონეც იყო და ავსტრიასთან ჩვენ გვქონდა უაღრესად კარგი დინამიკა, თუნდაც ტურიზმის კუთხით და ეს შესაძლებლობები განვიხილეთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.