დავით ზალკალიანი - საქართველოს აქვს და მომავალშიც ექნება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლეს. დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯონ სალივანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა პირველ არხთან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში მას კიდევ ერთხელ დაუდასტურეს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა როგორც ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების კუთხით.
ზალკალიანის განცხადებით, იყო ძალიან შინაარსიანი საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, დეტალურად აცნობა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ახალი მთავრობის ინიციატივები საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან, ქვეყნის ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, იმ ძირითად რეფორმებთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით.
„ასევე გვქონდა ძალიან საგნობრივი საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებით. იყო ასევე საუბარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებზე. რა თქმა უნდა, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითადი მიმართულება განვიხილეთ და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს და მომავალშიც ექნება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარების კუთხით ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებით“,- განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის ახალ გეგმებს – ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით.
„ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და აღნიშნა, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს იმ პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომელიც გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ ურთიერთობებს. იყო ძალიან კარგი შეხვედრა და ვფიქრობ, რომ მომავალში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობებს და ამაში გვაქვს სრული მხარდაჭერა და ურთიერთგაგება“,- განაცხადა ზალკალიანმა.
ამასთან, როგორც ზალკალიანმა პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოებაზეც ისაუბრეს.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ასევე ამერიკის კონგრესის მხრიდან ამ მიმართულებით მხარდაჭერა. სულ ცოტა ხნის წინ, 28 კონგრესმენის მხრიდან იყო მიმართვა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის მიმართ, რომ გაიხსნას შესაძლებლობები თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერის კუთხით და რა თქმა უნდა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდანაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ექნება სერიოზული მხარდაჭერა“,- აღნიშნა ზალკალიანმა.